ლევან ახვლედიანი - ანაკლიის პორტისთვის ტვირთების გარანტიის საკითხზე ალტერნატიული შეთავაზებები არსებობს
ლევან ახვლედიანი - ანაკლიის პორტისთვის ტვირთების გარანტიის საკითხზე ალტერნატიული შეთავაზებები არსებობს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის, ლევან ახვლედიანის განცხადებით, მთავრობასა და საფინანსო საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის მოლაპარაკებებში ყველაზე რთული საკითხი ანაკლიის პორტისთვის ტვირთების გარანტიას უკავშირდება.

თუმცა, მისივე ინფორმაციით, ამ საკითხზე არსებობს ალტერნატიული შეთავაზებები.

„რვა პუნქტთან მიმართებაში გარანტიის საკითხი რჩება ყველაზე რთულად გადასალახი. თუმცა, არის ლაპარაკი სიტყვიერ დონეზე ალტერნატივებზე და პოტენციურ კომპრომისებზე როგორც სახელმწიფოს, ისე ბანკების მხრიდან“, – აღნიშნა ახვლედიანმა.

კონსორციუმის ხელმძღვანელის ინფორმაციით, შესაძლოა, ანაკლიის პორტის დაფინანსებასთან დაკავშირებით შუალედური შეხვედრა შედგეს.

„მოლაპარაკებები ნელა მიმდინარეობს. აპრილში იყო დამაზუსტებელი შეკითხვებისა და პასუხების გაცვლა. შეკითხვები მთავრობის მხრიდან იყო, პასუხები ბანკების მხრიდან. ვართ მოყოლილი მთავრობასა და ბანკებს შორის მოლაპარაკებაში, რაც სამწუხაროდ, სწრაფ ტემპში არ მიმდინარეობს. ჯერ ვერ მოხერხდა ამ შეხვედრის ორგანიზება, ვმუშაობთ ყოველდღიურ რეჟიმში სამინისტროსთანაც და ბანკებთანაც, რომ ამ შეხვედრის ორგანიზება მოხდეს. ასევე არ გამოვრიცხავ შუალედუი შეხვედრას არა სამუშაო ჯგუფის, არამედ უფრო მაღალ დონეზე, ამ პროცესში ვართ ახლა და ასევე ველოდებით მთავრობისგან უშუალოდ ამ რვა პუნქტთან დაკავშირებით წერილობითი პოზიციის დაფიქსირებას, რასაც ჩვენი ინფორმაციიით, ამზადებენ“, – განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

ანაკლიის პორტის პროექტის დაფინანსებასთან დაკავშირებით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა მთავრობას რამდენიმეპუნქტიანი პირობა წარუდგინეს, ერთ-ერთი ტვირთბრუნვაზე გარანტიის საკითხს უკავშირდება.