ლევან ახვლედიანი - ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ დიდი დაინტერესებაა, დღეს ანაკლიაში უზბეკეთის ვიცე-პრემიერს ვუმასპინძლებთ
ლევან ახვლედიანი - ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ დიდი დაინტერესებაა, დღეს ანაკლიაში უზბეკეთის ვიცე-პრემიერს ვუმასპინძლებთ

ანაკლიის პორტის პროექტს საკმაოდ დიდი ინტერესი აქვს ბევრი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლისთვის, – ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომელიც „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობს.

მისი თქმით, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში ანაკლიაში ჩასვლას გეგმავს უზბეკეთის ვიცე-პრემიერი.

„ამ ფორუმის ფარგლებში ჩვენ ვუმასპინძლებთ ანაკლიაში უზბეკეთის დელეგაციას, კერძოდ ვიცე-პრემიერს, რომელიც დღეს ეწვევა არა მარტო ანაკლიის, არამედ სხვა ნავსადგურებსაც, ანაკლიაში მას ჩვენი ჯგუფი დახვდება. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ არა მარტო დასავლელი პარტნიორებისთვის, არამედ ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვისაც მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტი და მათი განვითარებისთვის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის კუთხით, დამაკავშირებელი აზიასა და ევროპას შორის. ინტერესი არის სხვადასხვა ჯგუფის მხრიდანაც, თუმცა არა ანაკლიაში ვიზიტის სახით“, – განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

მისი თქმით, დელეგაციები ხშირად სტუმრობენ ანაკლიას, მაგალითად, გუშინ ხელი მოეწერა მემორანდუმს Kuehne + Nagel-თან.

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ ასეთი დელეგაციები ხშირად სტუმრობენ ანაკლიას. ორი კვირის წინ იმყოფებოდა იაპონური დელეგაცია, ასევე ჩამოსული იყო შვედეთის დელეგაცია, წინა კვირას იყო ნატო-ს დელეგაცია და ა.შ. არის ინტერესი და ჩვენ ვაგრძელებთ ყველა დაინტერესებულ პირთან საუბარს, რათა გამოვნახოთ ინტერესთა გადაკვეთის პუნქტები. უახლოეს დროში იქნება შეხვედრა სამინისტროსთანაც, დავაყენებთ იმ გადასაჭრელ საკითხებს, რომლებიც დღის წესრიგში დგას და ვეცდებით, ერთობლივი ძალებით გამოვნახოთ გამოსავალი“, – განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

ამასთან, მისი თქმით, კონსორციუმს პრაქტიკულად ყოველდღიური თუ ყოველკვირეული ურთიერთობა აქვს აზიის განვითარების ბანკთან (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების (EBRD) ბანკთან, მიმდინარეობს ინფორმაციის მუდმივი გაცვლა.