ლევან ახვლედიანი - ამ რთულ ვითარებაში ორი ინვესტორი მოვიყვანეთ, სამწუხაროდ, მათ მიმართ მხარდაჭერა გაცხადებული არ იყო
ლევან ახვლედიანი - ამ რთულ ვითარებაში ორი ინვესტორი მოვიყვანეთ, სამწუხაროდ, მათ მიმართ მხარდაჭერა გაცხადებული არ იყო

მოცემულ ვითარებაში ყველა ინვესტორი, ვისაც ანაკლიის პორტის პროექტზე ვესაუბრეთ, მთავრობისგან კონკრეტულად მათთან მიმართებაში მხარდაჭერის გამოცხადებას ითხოვს, – ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომელიც პარლამენტში დეპუტატების ნაწილს ხვდება.

მისი თქმით, კონსორციუმმა წარადგინა რამდენიმე ინვესტორი, თუმცა მათ მხარდაჭერა ვერ მიიღეს.

„ამ რთულ ვითარებაში ჩვენ მოვიყვანეთ ორი ინვესტორი, ბოლო ორი-სამი თვის განმავლობაში და მათ ზუსტად ეს მოითხოვეს, სამწუხაროდ, ეს მხარდაჭერა გაცხადებული არ იყო. მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არასწორად არის დახასიათებული ტვირთბრუნვის გარანტიის დაზღვევის მოთხოვნა ბანკებისგან. ეს არ არის გარანტია, ეს არ არის დაზღვევა“, – განაცხადა ახვლედიანმა.

მან განმარტა, რომ საუბარია ბანკების მიერ სესხის გადახდის ნაწილობრივ გარანტიაზე.

„ეს არის დამატებითი ფონდი, რომელიც უნდა შეიქმნას. ეს არ ემსახურება არანაირად ანაკლიის კაპიტალში ინვესტორების კომერციული რისკების დაზღვევას. ეს მოთხოვნა მხოლოდ და მხოლოდ ბანკების სესხების დასაფარად ან ნაწილობრივ დასაფარად არის მიმართული, თუ ამის საჭიროება დადგება. ჩვენ მივმართეთ მთავრობას ზაფხულში, ძალიან დაბალანსებული, სამართლიანი ალტერნატივით და მოგვარების გზით, როგორ შეიძლებოდა, ეს პრობლემა გადაჭრილიყო. შევთავაზეთ 150 მილიონ დოლარიანი მექანიზმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ კონსორციუმის ინვესტორები 50 მლნ დოლარით, არსებული თუ ახალი. დამატებით, ევროკავშირმა გამოთქვა მზადყოფნა, მიიღოს ასევე 50 მლნ დოლარის ოდენობით მონაწილეობა. ამ მექანიზმში და ევროკავშირის მოთხოვნით დადგა წინაპირობა, რომ მთავრობამაც მიიღოს იგივე რაოდენობით, 50 მლნ დოლარით მონაწილეობა ინვესტიციის სახით ამ გარანტიაში“, – განაცხადა ახვლედიანმა.

ამასთან, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული თანხა საერთოდ არ იქნება ათვისებული არსებული დადებითი პროგნოზიდან გამომდინარე.

„რომც იყოს ათვისებული, ეს თანხები პროექტს სესხად დაერიცხება და გასტუმრებული იქნება გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ინვესტორები ვერც ერთ კაპიკს, დივიდენდს ვერ დაირიგებენ, სანამ ეს თანხა იქნება ათვისებული და არ იქნება გასტუმრებული“, – აღნიშნავს ახვლედიანი.

ამასთან, მისი შეფასებით, პროექტის დაფინანსებაზე დაახლოებით იგივე პრინციპი ვრცელდება, როგორც სტარტაპის შემთხვევაში ხდება.

„მარტივი ენით რომ ვთქვათ, ანაკლია არის ძალიან დიდი სტარტაპი. კი არის ძალიან სტრატეგიული, მნიშვნელოვანი, საინტერესო პროექტი, მაგრამ არის სტარტაპი. თუ მიხვალთ ნებისმიერ ბანკში და მოითხოვთ სტარტაპ ბიზნესსესხს, თუ არსებული შემოსავლების ან რამე დაფარვის წყაროს არ დაანახებთ, ბანკი სესხს არ მოგცემთ. დაახლოებით იგივე პრინციპი ვრცელდება აქაც – რადგან ეს არის სტარტაპი, ე.წ. ნულიდან აშენებული პორტი და არ გააჩნია დღეს შემოსავლები, ბანკები ითხოვენ დამატებით გარანტიას, რომ მათი სესხები ნაწილობრივ მაინც იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ლევან ახვლედიანმა.