ლევან ახალაია - განვითარებულ ქვეყნებში სათამაშო ბიზნესი ძირითადად, რეგულირებულია სახელმწიფოს მიერ
ლევან ახალაია - განვითარებულ ქვეყნებში სათამაშო ბიზნესი ძირითადად, რეგულირებულია სახელმწიფოს მიერ

განვითარებულ ქვეყნებში სათამაშო ბიზნესი ძირითადად, რეგულირებულია სახელმწიფოს მიერ, – ამის შესახებ ჟურნალისტმა, ლევან ახალაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„განვითარებულ ქვეყნებში, მაგალითად, ევროპაში, საითაც საქართველო მიდის, სათამაშო ბიზნესი ძირითადად, სახელმწიფოს მიერ არის რეგულირებული. ამ ბიზნესში სახელმწიფო ძალიან ღრმად არის შესული და ყველა ეტაპზე არეგულირებს. მე ვიყავი ფინეთში და ვიყავი იმ ერთადერთ კაზინოში, რომელიც ჰელსინკშია. მინდა ვთქვა, რომ მთელი ეს ბიზნესი სახელმწიფოს მიერ არის მართული და ამ ბიზნესიდან შემოსული თანხის დაახლოებით, 90% სოციალურ პროგრამებში და სპორტულ ინფრასტრუქტურაში ირიცხება. ანუ, კეთილი საქმისთვის მიდის“, – განაცხადა ახალაიამ. 

ამ განცხადებით ლევან ახალაიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორ რეგულირდება სათამაშო ბიზნესი განვითარებულ ქვეყნებში.

მისი თქმით, სათამაშო ბიზნესი სრულად აკრძალული არის ძირითადად, ისლამურ ქვეყნებში და ასევე არის იაპონიის მაგალითი, სადაც ის ძირითადად, აკრძალული იყო, თუმცა, შემდეგ მაინც შემოვიდა რაღაც გამონაკლისები და კაზინოები საკურორტო ზონებში გაიხსნა.

„ასევეა აშშ-ში, სადაც ეს ყველაფერი ქალაქებიდან შორს არის გატანილი. სულ ორი შტატია, სადაც ამის გაკეთება მთელ შტატშია დაშვებული, დანარჩენ შტატებში კი, ყველგან შეზღუდვები მოქმედებს“, – განაცხადა ახალაიამ.

როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, ევროკავშირის ძალიან ბევრ ქვეყანაში საბავშვო საიტებზე, სადაც ბავშვი ხშირად შედის, ონლაინ თამაშების რეკლამის განთავსება აკრძალულია.