ლეშეკ ბალცეროვიჩი - რეგულაციებთან მიმართებაში უნდა გააკეთოთ მინიმუმი და არა მაქსიმუმი, ნუ გადააჭარბებთ
ლეშეკ ბალცეროვიჩი - რეგულაციებთან მიმართებაში უნდა გააკეთოთ მინიმუმი და არა მაქსიმუმი, ნუ გადააჭარბებთ

კანონის უზენაესობა უმნიშვნელოვასია, რაც პრაქტიკაში ნიშნავს, რომ ინსტიტუციები უნდა იყოს დამოუკიდებელი პოლიტიკოსებისგან, ასევე კერძო ბიზნესშიც, – ამის შესახებ თბილისში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020“ ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორმა, პოლონეთის ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა, ლეშეკ ბალცეროვიჩმა განაცხადა.

ლეშეკ ბალცეროვიჩმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკური ზრდის შესახებ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ეკონომიკური ზრდა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, დაბალი ეკონომიკური შესაძლებლობის მქონე ქვეყნებში.

„ვფიქრობ, გვაქვს ძალიან დიდი გამოცდილება – როგორც კარგი, ასევე ცუდი. ორნაირი ძალის განხილვა შეგვიძლია – ეს არის სისტემური ძალები, რომლებიც უმეტეს შემთხვევებში, მუშაობს და შემდეგ კრიზისები, რომელიც ინციდენტების სახითაა, როგორც რბოლაში, რომელიც აფერხებს პროგრესს, სიჩქარეს. სისტემური ძალები შეეხება დასაქმებას, პროდუქტიულობას, რომელიც ემყარება ინოვაციებს. ღარიბ ქვეყნებში, როგორიც არის პოლონეთი, ესაა ტექნოლოგიების ტრანსფერი, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია, მაგრამ რაც შეეხება ინსტიტუციურ საფუძვლებს, სისტემაში ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დროს ინსტიტუციები. ეკონომიკა უნდა იყოს კერძო, სახელმწიფო საკუთრება რისკია, მისი პოლიტიზება ძალიან მარტივია. ასეთ დროს არის ინციდენტის მოლოდინი. ვფიქრობ, ამ მხრივ საქართველომ ძალიან ბევრს მიაღწია“, – განაცხადა პოლონეთის ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა.

ამასთან, მისი თქმით, მეორეა ბაზარზე კონკურენციის საკითხი, რაც მნიშვნელოვანია ადგილობრივ მონოპოლიებში, ასევე საერთაშორისო დონეზე.

„ჩვენ ვნახეთ, როგორ მუშაობს საქართველო ამ ფრონტზე. შემდეგ უკვე შევეხეთ რეგულაციებს ევროკავშირთან მიმართებაში, უნდა გააკეთოთ მინიმუმი და არა მაქსიმუმი, ნუ გადააჭარბებთ. უპირველესად, უმნიშვნელოვანესია კანონის უზენაესობა, რაც პრაქტიკაში ნიშნავს, რომ ინსტიტუციები უნდა იყოს დამოუკიდებელი პოლიტიკოსებისგან, ასევე კერძო ბიზნესშიც. მიკერძოებულობა არ შეიძლება. კანონის უზენაესობა ეხება ჩვეულებრივ ადამიანებსაც, არა მხოლოდ ბიზნესებს, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის. არსებობს ხუთი უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტი, რომელსაც უნდა მიაღწიოს ქვეყანამ და როცა მიაღწევს, შემდეგ უკვე უნდა დაიცვას, რადგან ცუდი რაღაცები, პერიოდულად კრიზისი, ხდება“, – განაცხადა ლეშეკ ბალცეროვიჩმა.

მისი თქმით, დღეისათვის ძალიან ბევრი კლიშე და მითი არსებობს. ძალიან ბევრი ადამიანი კრიზისის დროს ბაზარს ადანაშაულებს.

„გამოცდილებიდან ვიცით, რომ ყველაზე ცუდი კრიზისი ხდება, როდესაც საერთოდ არ არის ბაზარი, როდესაც არის სოციალური დიქტატურა. მაგალითად, ჩინეთში. თუ არ არსებობს არანაირი შეზღუდვები და არის სოციალური დიქტატურა, ასეთ დროს გვყავს ხალხი, რომლებიც ქმნიან კრიზისს და ეს გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე. შესაბამისად, თავიდან უნდა ავიცილოთ ძალაუფლების კონცენტრირება ერთ სუბიექტეზე. ძალიან მნიშვნელოვანია არსებობდეს დაზღვევა კრიზისულ პოლიტიკაში. ბევრი გაუგებრობა ხდება ბაზრის დადანაშაულებით. ბოლო პერიოდის კრიზისების დროს, სწორედ ბაზარს ადანაშაულებდნენ. ასევე აუცილებელია, განვიხილოთ ცუდი პოლიტიკის როლი დესტაბილიზაციაში“, – განაცხადა პოლონეთის ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა, ლეშეკ ბალცეროვიჩმა თბილისში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

თბილისში, სახელწოდებით – „საქართველო და მსოფლიო 2020“ ეკონომიკური კონფერენცია მიმდინარეობს. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გახსნა.