გიორგი გახარია - გვსურს, საქართველო გახდეს ჰაბი დიდ ეკონომიკებს შორის ვაჭრობის, ბიზნეს აქტივობისა და ინვესტიციების მომსახურების თვალსაზრისით
გიორგი გახარია - გვსურს, საქართველო გახდეს ჰაბი დიდ ეკონომიკებს შორის ვაჭრობის, ბიზნეს აქტივობისა და ინვესტიციების მომსახურების თვალსაზრისით

საქართველოს არის პატარა ბაზარი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ გვსურს, რომ ქვეყანა გახდეს პირველ რიგში პლატფორმა, ჰაბი დიდ ეკონომიკებს შორის ვაჭრობის, ბიზნეს აქტივობის და ინვესტიციების მომსახურების თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ეკონომიკური კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020“ განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, კონფერენცია უკვე მეორედ ტარდება და ამას აქვს ძალზედ დიდი მნიშვნელობა საქართველოსთვის.

„კონფერენცია გვაძლევს საშუალებას, ღია რეჟიმში ყველა წარმომადგენელთან, ყველა დაინტერესებულ მხარესთან შევძლოთ, განვიხილოთ ქართული ეკონომიკის გამოწვევები და მიღწევებიც. არ ვართ დაინტერესებული მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიღწევებზე საუბრით. ჩვენი ინტერესი უფრო არის საქართველოს ბიზნესის მიღწევებზე ვისაუბროთ, რამეთუ ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ეკონომიკის საფუძველი და ხერხემალი არის თავისუფალი ბიზნესი, ძლიერი ქართული ბიზნესი, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს. ჩვენი ეკონომიკის სისტემური გამოწვევა გახლავთ დამატებითი ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და აქ დაბალანსებული ურთიერთობის, დაბალანსებული პოლიტიკის გარეშე, კერძო სექტორსა და სახელმწიფო ინტერესს შორის, სერიოზული შედეგების მიღწევა შეუძლებელია. ჩვენ დღეს ასეთი მასშტაბური და გლობალური სათაური გვაქვს ჩვენი კონფერენციის „საქართველოს და მსოფლიო 2020“.  ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ განვიხილავთ ჩვენს ქვეყანას ეკონომიკურად, როგორც ძლიერ პლატფორმას, რომელიც ემსახურება დიდი ეკონომიკების სერვისებით მომარაგებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, საქართველო მიზანმიმართულად ახორციელებს მთელი რიგი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის ხელშეკრულების გაფორმებას.

„საქართველო გახლავთ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი როგორც ჩინეთთან, ასევე ევროკავშირთან, ჩვენს ყველა მეზობელთან. დღეს უკვე მოლაპარაკებების აქტიურ რეჟიმში ვართ და მალე დავასრულებთ ისრაელთან, ასევე ინდოეთთან, გვექნება ძალზედ ძლიერი პორტფელი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების. ჩვენ ხომ ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველოს არის პატარა ბაზარი, მაგრამ მიუხედავად ამისა, გვსურს, რომ ქვეყანა გახდეს პირველ რიგში პლატფორმა, ჰაბი დიდ ეკონომიკებს შორის ვაჭრობის, ბიზნეს აქტივობისა და ინვესტიციების მომსახურების თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ ვქმნით ჩვენ ამ ძლიერ პაკეტს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმებისა. გარდა ამისა, ყველაფერი რაც არის დაკავშირებული ტრანზიტთან, ტრანსპორტთან, ლოგისტიკასთან, არის პრიორიტეტი ჩვენი ეკონომიკისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა აკეთებს იმას, რომ ქვეყანაში შეიქმნას განსაკუთრებული ბიზნესგარემო, განსაკუთრებული ბიზნესკლიმატი, რათა ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი სერვისის სფეროში მოხდეს ინვესტიციების მოზიდვა.

„სერვისი სფერო ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ეკონომიკის მომავალია. ყველას კარგად გვესმის, რომ ამას სჭირდება ბევრი წელი, სერვისზე ორიენტირებული ქვეყნის ეკონომიკა არის საქართველოს მომავალი. სწორედ ამიტომ, მსგავს კონფერენციებს აქვს უდიდესი მნიშვნელობა, რათა ჩვენ ყველამ ერთად, ბიზნესმა, საექსპერტო საზოგადოებამ, მთავრობამ სწორად ვიპოვოთ ქვეყნის როლი გლობალურ კონტექსტში და ისევე, როგორც რეგიონულ კონტექსტში. მივესალმები ამ კონფერენციას, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ჩვენს ღვაწლმოსილ სტუმრებს. მინდა გითხრათ, რომ თითოეული საქართველოს მეგობრის მონაწილეობა მსგავს განხილვებში, მსგავს დისკუსიებში, ნამდვილად არის ფასდაუდებელი. ჩვენ ხომ ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს საქართველო არის სატრანზიტო მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა, რომლის ძირითადი მისწრაფება პოლიტიკური თვალსაზრისით არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ეკონომიკური თვალსაზრისით არის ღია, კონკურენტული ბაზარი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დატოვე კომენტარი