ლერი ხაბელოვი - ოლიმპიური თამაშებისთვის ოლიმპიურ წელს თანხები არ უნდა დავზოგოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოთხწლიანი მომზადება წყალში ჩაგვეყრება
ლერი ხაბელოვი - ოლიმპიური თამაშებისთვის ოლიმპიურ წელს თანხები არ უნდა დავზოგოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოთხწლიანი მომზადება წყალში ჩაგვეყრება

დეპუტატი ლერი ხაბელოვი აცხადებს, რომ სპორტის მიმართულებით 2020 წლის ბიუჯეტში დაფინანსების შემცირება სწორი არ იქნება.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტზე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, ასევე  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელეს.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, სპორტული მიმართულებით მომავალი წელი ძალიან მნიშვნელოვანია.

„იცით, ოლიმპიური თამაშები ტარდება 2020 წელს. ახლა თანხების შემცირება ცოტა არ იყოს, სწორი არ იქნება. ჩვენ წარვადგინეთ განაცხადი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე 2025 წელს და აქედან გამომდინარე, წინასწარი მუშაობა გვჭირდება, ჩამოვაყალიბოთ ჯგუფი, რომელიც გაემგზავრება უცხოეთში, შემდეგ უცხოელებიც უნდა მივიღოთ. აქ არის საუბარი სარეკლამო რგოლებზე, მთლიანად ქვეყნის წარდგენაზე და ამას ძალიან დიდი შრომა დასჭირდება,  ამიტომ, ამ ნაწილში ჩვენ გვჭირდება დახმარება. აუცილებელია, ამ ნაწილში გაიზარდოს დაფინანსება“, – აღნიშნა დეპუტატმა.

მისი თქმით, საჭიროა სპორტსმენების მომზადებაც.

„თუ 2015 წელს გადავხედავთ, როგორ ჩატარდა ჩვენი ღონისძიებები, რა ობიექტები დარჩა და ღონისძიებას რამხელა მიზიდულობა ჰქონდა, აუცილებელია, ზამთრის ფესტივალიც ამ დონეზე ჩავატაროთ. გვინდა, 2025 წელს სპორტსმენები წარდგნენ და თუ მზადებას არ დავიწყეთ, ნამდვილად გაგვიჭირდება. თუ ოლიმპიურ ფესტივალზე მონაწილეობას მივიღებთ და გამომსვლელი ბავშვი არ გვეყოლება, მაშინ აზრი რა არის? ვფიქრობ, მოვიდა დრო, თანხები არ დავზოგოთ. თანხები არ უნდა დავზოგოთ 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვისაც, ოლიმპიურ წელს. თუ ეს არ გაკეთდა, მთელი ოლიმპიური ციკლი და ოთხწლიანი მომზადება წყალში ჩაგვეყრება“, – განაცხადა ლერი ხაბელოვმა.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება 1 მლრდ 636 მლნ ლარია. ამასთან, სპორტის ხელშეწყობაზე გათვალისწინებულია 130.4 მლნ ლარი.