ლერი ხაბელოვი - ოლიმპიური და საპარლამენტო კომიტეტების დონეზე ვაპირებთ გავერკვეთ, რა ხდება ძიუდოს ფედერაციაში
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი წევრი ლერი ხაბელოვი აცხადებს, რომ ძიუდოს ფედერაციაში არსებული ვითარება ოლიმპიური და საპარლამენტო კომიტეტების დონეზე უნდა გაირკვეს.
ამასთან, მისი თქმით, დასადგენია მიზეზი, თუ რატომ დაასრულა უმედლოდ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის 2018 წლის ჩემპიონატი.
„ძალიან უკმაყოფილო ვიყავი ამ გამოსვლით, უმედლოდ დაბრუნდნენ ბიჭები. რა მოხდა, არის შესასწავლი. მუდამ პრიზებით ბრუნდებოდნენ სხვადასხვა ჩემპიონატებიდან. განცვიფრებული ვიყავი ამ ამბით, ძალიან დიდი ჩავარდნა იყო, ეს იყო კატასტროფა. წავიდა მწვრთნელი, მოვა ახალი გუნდი, მაგრამ უნდა ვიცოდეთ მიზეზი – სად იყო დაშვებული შეცდომა. უნდა დავდოთ ანალიზი.
ამ პროცესში ჩართული ვარ საპარლამენტო კომიტეტიდანაც და ოლიმპიური კომიტეტიდანაც. დღეს თათბირიც გვქონდა და გვექნება შეხვედრები ყველა მხარესთან, რომ დადგინდეს მიზეზი და გუნდის სრულად მობილიზება მოხდეს“ – აცხადებს პირველ არხთან საუბარში ლერი ხაბელოვი.
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა. განცხადება სოციალურ ქსელში საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა გაავრცელა.