ლერი ბარნაბიშვილი - „ბორჯომის“ მენეჯმენტი გარკვეულ დათმობაზე წავა, გაფიცულებმა მიიღეს გადაწყვეტილება, არ განახორციელონ რადიკალური ზომები
ლერი ბარნაბიშვილი - „ბორჯომის“ მენეჯმენტი გარკვეულ დათმობაზე წავა, გაფიცულებმა მიიღეს გადაწყვეტილება, არ განახორციელონ რადიკალური ზომები

კომპანია „ბორჯომის“ თანამშრომლებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ბორჯომის“ თანამშრომლებისგან პრეტენზიები მოისმინა და მათ პრობლემებს გაეცნო.

მისივე თქმით, შრომის ინსპექციას უკვე დაწყებული აქვს მოკვლევა კომპანიიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებთან დაკავშირებით. როგორც ლერი ბარნაბიშვილი ამბობს, არც ერთი თანამშრომელი არ დაიჩაგრება და ყველა დაკმაყოფილდება.

ამასთან, ლერი ბარნაბიშვილის ინფორმაციით, მოლაპარაკებები კონსტრუქციულ რეჟიმში უნდა გაგრძელდეს და გაფიცულებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არ განახორციელონ რადიკალური ზომები, არ გადაკეტონ გზა.

„საქართველოს მთავრობისთვის და პირადად პრემიერისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ეროვნული საამაყო ბრენდის „ბორჯომის“ მუშაობა. ამისთვის დაახლოებით აქციების 7.6% გადმოეცა საქართველოს უსასყიდლოდ, რაც არის საფუძველი, რომ ქარხანამ იფუნქციონიროს სრულფასოვნად და 700-მდე თანამშრომელი კმაყოფილი იყოს. რაც შეეხება კომპანიის მენეჯმენტსა და იქ დასაქმებულთა შორის უთანხმოებას, პრემიერ-მინისტრის დავალებით, პროცესში ჩართულია შრომის ინსპექცია, რომელმაც უკვე დაიწყო მოკვლევა, თუ რის საფუძველზე იქნენ გათავისუფლებული თანამშრომლები. რამდენადაც ვიცი, „ბორჯომის“ მენეჯმენტისგან გათავისუფლება ეფუძნებოდა მძიმე ეკონომიურ ვითარებას.

დღეს შევხვდი თანამშრომლებს და მოვისმინე პრეტენზიები. კომპანია ჯერჯერობით არის კერძო სუბიექტი და სახელმწიფო იქ არ მონაწილეობს. ამდენად, სახელმწიფოს აქვს მხოლოდ მედიაციის საშუალება. „ბორჯომის“ ქარხნის მენეჯმენტი გარკვეულ დათმობებზე წავა და მათი მოთხოვნების ნაწილი იქნება დაკმაყოფილებული. როგორც მაქვს ინფორმაცია, თავდაპირველად, კომპანია 200-მდე თანამშრომლის გათავისუფლებას აპირებდა. მას შემდეგ, რაც მედიაციაში ჩაერთო მთავრობა, ეს რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა. მინდა, ვუთხრა თანამშრომლებს, რომ არც ერთი თანამშრომელი არ დაიჩაგრება და ყველა დაკმაყოფილდება შესაბამისად. გადაიხედება ჩვენი ინსპექციის მეშვეობით  და ალბათ ნაწილობრივ მოხდება თანამშრომლების აღდგენა. შეხვედრა იყო კონსტრუქციული. გაფიცულებმა მიიღეს გადაწყვეტილება, არ განახორციელონ რადიკალური ზომები და არ გადაკეტონ გზა. მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს კონსტრუქციულ რეჟიმში“, – განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.