ლერი აბულაძე და ჯონი ხეცურიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT
ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს 63, 67, 82 და 97 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოჭიდავეები ასპარეზობენ. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრთაგან ხალიჩაზე ოთხი სპორტსმენი: 63 კგ – ლერი აბულაძე, 67 კგ – ჯონი ხეცურიანი, 82 კგ – გელა ბოლქვაძე და 97 კგ – გიორგი მელია გამოვიდნენ.
ლერი აბულაძემ ყირგიზი ტინარ შარშენბეკოვი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. ჯონი ხეცურიანმა კი უკრაინელ ტარვიზ ნასიბოვს სძლია და ფინალში გასასვლელად იბრძოლებს. მეოთხედფონალში თურქ მეტოქესთან დამარცხდა გელა ბოლქვაძე, ხოლო გიორგი მელიამ დაპირისპირება უნგრელ მოჭიდავესთან დათმო.
ნახევარფინალები 18:45 საათზე დაიწყება. 20:00 საათიდან კი ფინალურ ბლოკში გათამაშდება მედლების ოთხი კომპლექტი – 55, 72, 77 და 87 კილოგრამებში.
55 კგ-ში ნუგზარ წურწუმია მსოფლიო ჩემპიონატის მეორედ მოგებას შეეცდება. ფინალში მისი მეტოქე აზერბაიჯანელი აზიზლი იქნება. 77კგ-ში კი იური ლომაძე ბრინჯაოს შანსს რეპეშაჟიდან ინარჩუნებდა, მაგრამ ტრავმის გამო ტურნირს ჩაეხსნა.