ლექსო გუგავა - ახალი თაობა ინფორმირებული უნდა იყოს, რა ზიანი მოაქვს ნარკოტიკს და რა არის მისი ალტერნატივა
ლექსო გუგავა - ახალი თაობა ინფორმირებული უნდა იყოს, რა ზიანი მოაქვს ნარკოტიკს და რა არის მისი ალტერნატივა

იმისთვის, რომ ცხოვრება ჯანსაღი წესით დაიწყო, ინფორმირებულობაა საჭირო, თუ რას გაძლევს და გმატებს სპორტი, – ამის შესახებ ვეტერანმა მორაგბემ, ნაკრების ყოფილმა წევრმა, ლექსო გუგავამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს არ არის მხოლოდ სხეულის სიჯანსაღე. სპორტი ისეთი უნარ-ჩვევების გამომუშავებაა, რაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში ძნელად მიიღწევა. მაგალითად, როცა სპორტით ხარ დაკავებული, ავტომატურად იწყებ ფიქრს პირად დისციპლინაზე. იმისთვის, რომ მეორე დღეს ივარჯიშო, ფიქრს იწყებ, მოდი, დღეს ადრე დავიძინებო; თუ სიგარეტს ეწევი და ვარჯიში ასაკში დაიწყე, ფიქრობ, სიგარეტი აღარ მოწიო, რათა მეტი ივარჯიშო; სპორტი შეჯიბრებაა და როცა გუნდში მეგობრებთან ერთად თამაშობ, ფიქრობ, მოწინააღმდეგე გუნდს მოუგო, იწყებ სტრატეგიულ აზროვნებას, გუნდურობის გათვალისწინებას, მოწინააღმდეგის პატივისცემას და ა.შ“, – განაცხადა გუგავამ.

მისი თქმით, დღეს საქართველოში სპორტი მხოლოდ პროფესიონალურ სპორტთან არის ასოცირებული და აუცილებელია, სასკოლო და საუნივერსიტეტო სპორტი განვითარდეს. 

„სკოლებსა და უნივერსიტეტებში სპორტული ინფრასტრუქტურა არ არის, რაც პრობლემაა. ჩემი აზრით, ეს მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტების საქმე არ არის. ეს მთლიანი განათლების სისტემის პრობლემაა, რადგან საგანმანათლებლო სისტემაში სპორტი ინტეგრირებული არ არის. მაგალითად, როცა ახალ სკოლას ავტორიზაცია-აკრედიტაცია სჭირდება, ამ პროცესში სპორტული ინფრასტრუქტურა გათვალისწინებული არ არის და ა.შ“, – განაცხადა გუგავამ.

ვეტერანმა მორაგბემ ასევე აღნიშნა, რომ სლოვენიაში სიგარეტისა თუ ალკოჰოლის იმპორტიორი კომპანიები თავიანთი მოგებიდან თანხის რაღაც ნაწილს სპორტის განვითარების ფონდში იხდიან, რითაც ამ ქვეყანას ძალიან კარგი შედეგები აქვს და კარგი იქნება, თუ მსგავსი რამ საქართველოშიც განხორციელდება.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ აფასებს ის ბოლო დღეების მოვლენებს და როგორი უნდა იყოს ქვეყნის ნარკოპოლიტიკა, ლექსო გუგავამ განაცხადა, რომ ძალიან სამწუხაროა, როცა კლუბი ნარკოტიკების ბუდესთან ასოცირდება, რადგან ეს არის სივრცე, სადაც დაღლილი ადამიანები სამუშაო კვირის შემდეგ ერთობიან და თუ ჩვენ კლუბებს დავხურავთ, ნარკომომხმარებლები წავლენ და ნარკოტიკს სხვაგან მოიხმარენ.

„ნარკოტიკის მოხმარების გამო ადამიანებს არ უნდა ვდევნიდეთ და ციხეში არ უნდა ვსვამდეთ. პირიქით, მათ მეტ ინფორმაციას უნდა ვაწვდიდეთ. ახალი თაობა ინფორმირებული უნდა იყოს, ნარკოტიკს რა ზიანი მოაქვს და რა არის ამის ალტერნატივა. ჩვენ აქტიური პროპაგანდა უნდა გავუწიოთ იმას, რომ სპორტი ცხოვრების ნაწილად იქცეს“, – განაცხადა ლექსო გუგავამ.