ალექსანდრე რაქვიაშვილი - მოსამართლეების დანიშვნა შარლ მიშელის დოკუმენტის დარღვევაა, დიდი ალბათობით, მიშელის ვიზიტიც ამით არის განპირობებული
ალექსანდრე რაქვიაშვილი - მოსამართლეების დანიშვნა შარლ მიშელის დოკუმენტის დარღვევაა, დიდი ალბათობით, მიშელის ვიზიტიც ამით არის განპირობებული

„გირჩის“ წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა შარლ მიშელის დოკუმენტის დარღვევაა და დიდი ალბათობით, შარლ მიშელის მიერ საქართველოში დაგეგმილი ვიზიტიც ამით არის განპირობებული.

მისივე თქმით, აშშ-ის საელჩომ მორიგ ჯერზე მიუთითა „ქართულ ოცნებას“, რომ ეს გადაწყვეტილება მცდარი იყო.

„არგუმენტები, რომ სასამართლოს სისტემა გადატვირთულია, ჩვენც გვესმოდა და სერიოზულად აღქმული ვერ იქნება. სისტემა გადატვირთული რომც იყოს, პოლიტიკური ზიანი, რაც ჩვენ მივიღეთ მისამართლეების დანიშვნით, ბევრად დიდია. სავარაუდო მიზეზი არის ის, რომ „ქართულ ოცნებას“ არ უნდოდა ამ მოსამართლეების უფრო გვიან დანიშვნა, რადგან მაშინ მოუწევდა 2/3-ით დანიშვნა და არა უბრალო უმრავლესობით, როგორც ახლა. რაც უნდა იყოს, ფაქტია, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი დარღვეულია. ეს ნეგატიურად აისახება „ქართული ოცნების“ და ქვეყნის იმიჯზე, რადგან ჩვენ ვაჩვენებთ, რომ არ შეგვიძლია ასეთი ტიპის შეთანხმების სრულფასოვნად შესრულება. იმედია, შარლ მიშელის დოკუმეტში დანარჩენ ნაწილზე ეს პრობლემა არ განმეორდება და ისევ არ დავბრუნდებით იმ პოლიტიკური კრიზისის ჩიხში, საიდანაც 19 აპრილის შეთანხმების მეშვეობით გამოვედით“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტის 12 ივლისის გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში ექვსი მოსამართლის დანიშვნასთან დაკავშირებით, მიუხედავად საქართველოს პოლიტიკურ ლიდერთა 19 აპრილის მკაფიო შეთანხმებისა, „თავი შეიკავონ უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით მოსამართლეთა დანიშვნისგან“ უაღრესად გულდასაწყვეტია.