ლეონიდ სლუცკი - რუსეთს „ღია ცის შეთანხმებიდან“ აშშ-ის გასვლაზე რეაგირების გეგმა აქვს
ლეონიდ სლუცკი - რუსეთს „ღია ცის შეთანხმებიდან“ აშშ-ის გასვლაზე რეაგირების გეგმა აქვს

რუსეთს „ღია ცის შეთანხმებიდან“ აშშ-ის გასვლაზე რეაგირების გეგმა აქვს და მოსკოვი გადაწყვეტილებას საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით მიიღებს. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწფო დუმის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ სლუცკიმ განუცხადა.

„უპირობოდ, რუსეთს აქვს „ღია ცის შეთანხმების“ მიმართ ამერიკულ ნაბიჯებზე რეაგირების გეგმა იმის მიუხედავად, რომ შეთანხება მრავალმხრივი ხასიათისაა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ მივიღებთ აწონილ გადაწყვეტილებას, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნებთან სრულ შესაბამისობაში იქნება“, – განაცხადა სლუცკიმ.

ლეონიდ სლუცკიმ დესტრუქციული უწოდა აშშ-ის გადაწყვეტილებას, გავიდეს „ღია ცის შეთანხმებიდან“. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ევროპის კონტინენტზე სამხედრო უსაფრთხოების სისტემას.

როგორც დუმის დეპუტატმა განაცხადა, რუსეთს „ღია ცის შეთანხმება“ არასდროს დაურღვევია აშშ-ისგან განსხვავებით.

სლუცკის თქმით, აღნიშნული შეთანხმების რეალური ღირებულება ახლა აშშ-ის ევროპელი მოკავშირეების რეაქციაზეა დამოკიდებული, ასევე იმაზე, მიბაძავენ თუ არა ისინი აშშ-ის მაგალითს.

ამერიკის შეერთებული შტატები ღია ცის შეთანხმებას ტოვებს. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი რუსეთის მიერ შეთანხმების შეუსრულებლობაა.

სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო რუსეთის მხრიდან „ღია ცის შეთანხმების“ ერთ-ერთ დარღვევად საქართველოს ოკუპირებული რეგიონების გასწვრივ სადამკვირვებლო ფრენების არდაშვებას ასახელებს.

დატოვე კომენტარი