„ლეოგრანდში“ ხანძრის საქმეზე დაკავებული ორი პირის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
„ლეოგრანდში“ ხანძრის საქმეზე დაკავებული ორი პირის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის საქმეზე დაკავებული ორი თანამშრომლისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე ბათუმის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.

სასამართლო სხდომა 14:00 საათზეა დაგეგმილი – ამის შესახებ პირველ არხთან საუბრისას დაკავებული გიორგი მიქელაძის ადვოკატმა ბადრი ბერიძემ განაცხადა.

„ორივე მენეჯერის ინტერესებს ვიცავ და ჩემთან ერთად საქმეში კიდევ რამდენიმე ადვოკატია ჩართული.

ჩვენ დაკავებულებისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობას დავაყენებთ. ვმუშაობთ სამართლებრივ სტრატეგიაზე და კონკრეტულ წინადადებებზე ჩამოვყალიბდებით, რაზეც პროცესზე ვისაუბრებთ“, – განაცხადა ბადრი ბერიძემ.

პროკურატურა „ლეოგრანდში“ ხანძრის საქმეზე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

სამართალდამცველების ცნობით, „ლეოგრანდში“ სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე სასტუმროს ტექნიკური მენეჯერი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ფ.ი. და ამავე სასტუმროს ტექნიკური საწყობის პასუხისმგებელი პირი – საქართველოს მოქალაქე გ.მ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ სასტუმრო „ლეოგრანდის“ ტექნიკურმა მენეჯერმა, ფ.ი.–მ და ტექნიკური საწყობის პასუხისმგებელმა პირმა, გ.მ.–მ არ შეასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობა – სასტუმრო „ლეოგრანდში“ სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა. კერძოდ, სასტუმრო „ლეოგრანდის“ შენობის მე-4 სართულზე განთავსებულ ტექნიკურ (საქვაბე) ოთახში, სადაც ასევე განთავსებული იყო ვენტილაციის სისტემები, წყლის მიწოდების დანადგარები, გამათბობლებიელექტროკარადები და სხვადასხვა ხელსაწყოები, გ.მ.–მ სახანძრო უსაფრთხოების ნორმების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ დაასაწყობა წვადი, მათ შორის ადვილად აალებადი მასალები და ნივთიერებები, რამაც განაპირობა 2017 წლის 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ტექნიკურ (საქვაბე) ოთახში გაჩენილი ხანძრის სწრაფად გაძლიერება და სასტუმროში ძლიერი დაკვამლიანების წარმოქმნა“, – აცხადებენ პროკურატურაში.

სასტუმროს მე-5 და მე-6 სართულებზე განთავსებულ აუზსა და სპა სალონში, ხანძრით გამოწვეული ძლიერი დაკვამლიანების გამო, ნახშირჟანგით (CO) გამოწვეული მწვავე ინტოქსიკაციით 11 პირი გარდაიცვალა, ხოლო 19-მა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო.