ლენტეხში მოსახლეობის თერმოსკრინინგი დასრულდა, მაღალი ტემპერატურა არც ერთ მოქალაქეს არ დაუფიქსირდა
ლენტეხში მოსახლეობის თერმოსკრინინგი დასრულდა, მაღალი ტემპერატურა არც ერთ მოქალაქეს არ დაუფიქსირდა

ლენტეხის საკარანტინო ზონაში მოსახლეობის სამედიცინო შემოწმება დასრულდა. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ინფორმაციით, თერმოსკრინინგი 5000-მდე მოსახლეს ჩაუტარდა და მათგან მაღალი ტემპერატურა არც ერთს არ გამოვლენია.

სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში არჩილ ჯაფარიძე თერმოსკრინინგის პროცესს სოფელ ტვიბში ადგილზე გაეცნო და ექიმებს გაესაუბრა. მისი განცხადებით, სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება.

რწმუნებულმა ლენტეხში არსებული სასურსათო მაღაზიებიც შემოიარა და სურსათით მომარაგების საკითხით დაინტერესდა. როგორც სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში აცხადებენ, სადისტრიბუციო კომპანიები მაღაზიებს უწყვეტ რეჟიმში ამარაგებენ და ლენტეხში სურსათის დეფიციტი არ არის და არც შეიქმნება.

რწმუნებულმა კერძო დაწესებულებებში იმ თანამშრომლებს, ვისაც მოსახლეობასთან მუდმივი კონტაქტი აქვთ, ქართული წარმოების პირბადეებიც გადასცა.

გარდა ამისა, ლენტეხში მოხალისეები საინფორმაციო ბუკლეტებს ქუჩებში არიგებენ და მოსახლეობას ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს აცნობენ.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 41 მოქალაქე იმყოფება, ცაგერში კი 17.

სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ინფორმაციით, ამ დრომდე თვითიზოლაციის დარღვევის რაიმე ფაქტი არ გამოვლენილა.