ლენტეხში მოსახლეობის თერმოსკრინინგი დასრულდა, კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა

ლენტეხში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. მოსახლეობას თერმოსკრინინგი სრულად ჩაუტარდა. პროცესის შედეგად რაიმე სახის საეჭვო სიმპტომების მქონე პირები არ გამოვლენილა.

ლენტეხის მოსახლეობის თქმით, ისინი სრულად ემორჩილებიან საკარანტინო პირობებს. მათივე თქმით, აღდგომის დღესასწაულზე აპირებენ სახლში დარჩენას.

„ხელისუფლება წამლებითა და პროდუქტებით გვეხმარება. თუ ჩვენ თავს არ მოვუფრთხილდით, მაშინ ვერავინ გვიშველის“, – განაცხადა ლენტეხის მცხოვრებმა კოტიკო ჯანხოთელმა.

„ეკლესიაში ან სასაფლაოზე გასვლას არ ვაპირებთ, დავრჩებით სახლში, უნდა ვიფიქროთ ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე“, – განაცხადა ლენტეხის მკვიდრმა შორენა რატიანმა.

ლენტეხის მერის, ბადრი ლიპარტელიანის თქმით, მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე ყველა სასაფლაო დაკეტილი იქნება.

ლენტეხში ამ დრომდე კორონავირუსის ხუთი შემთხვევაა დაფიქსირებული. თვითიზოლაციაში 41 პირი იმყოფება.

კორონავირუსის შემთხვევების გამო, ლენტეხის მუნიციპალიტეტში სრული საკარანტინო რეჟიმი 10 აპრილს გამოცხადდა.