ლენტეხში მოსახლეობა „ხელედულა-3 ჰესის“ მშენებლობას აპროტესტებს
ლენტეხში მოსახლეობა „ხელედულა-3 ჰესის“ მშენებლობას აპროტესტებს

ლენტეხში მოსახლეობა „ხელედულა-3 ჰესის“ მშენებლობას აპროტესტებს.​ აქციის მონაწილეები ჰესის მშენებლობაზე სასაუბროდ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელ სოზარ სუბარსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს ელოდებოდნენ. თუმცა, როგორც ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა ბადრი ლიპარტელიანმა განაცხადა, შეხვედრა გაურკვეველი მიზეზითა და ვადით გადაიდო.

აქციის მონაწილეების თქმით, ჰესის მშენებლობას არ დაუშვებენ, რადგან ფიქრობენ, რომ რაიონს ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება.

ადგილობრივები ეჭვობენ, რომ მშენებლობის დაწყებისა და ჰესის აშენების შემთხვევაში, ორასზე მეტ ოჯახს დატბორვა ემუქრება, ხეობა მოსახლეობისგან დაიცლება, ტერიტორია მეწყერსაშიში ზონაა და 600-ზე მეტი ადამიანი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება.

„ჰესის აშენება ჩვენი მოკვლის ფასად მოუწევთ. არ დავუშვებთ მშენებლობას და ვიბრძოლებთ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე. არ მივატოვებთ ჩვენი წინაპრების საფლავებს“, – განაცხადა პირველ არხთან აქციის მონაწილემ ზაზა ლიპარტელიანმა.