ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ხვალიდან სამი საკონტროლო-გამშვები პუნქტი ამოქმედდება
ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ხვალიდან სამი საკონტროლო-გამშვები პუნქტი ამოქმედდება

ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ხვალ დილიდან სამი საკონტროლო-გამშვები პუნქტი ამოქმედდება. გელავერის უღელტეხილთან, მურის ხიდთან და სოფელ ალპანაში სამართალდამცველები და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მგზავრებს შეამოწმებენ. ადგილზე გაშლილ საველე კარვებში მოხდება თერმოსკრინინგი.

რაჭა – ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, საკონტროლო-გამშვები პუნქტების მონტაჟის პროცესი დღეს ღამით დაიწყება და დილის 06:00 საათზე, კომენდანტის საათის დასრულებისთვის დამონტაჟებული იქნება.

ამ დროისთვის სოფლის ექიმები თერმოსკრინინგს აწარმოებენ სოფელ მელეში, სადაც ინფიცირებული მამაკაცი სტუმრად იმყოფებოდა. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, ბადრი ლიპარტელიანის ინფორმაციით, დაწყებულია კონტაქტების მოძიება და ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია 56 წლის ინფიცირებულ მამაკაცთან ახლო კონტაქტში მყოფი 35 პიროვნება. ყველა მათგანი თვითიზოლაციაში იმყოფება.