ლენტეხის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში მოძრაობა აღდგა
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში მოძრაობა აღდგა

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს რაჭის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მაქარაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, გზა სრულად გაიწმინდა სოფლებში – ესიერსა და საყდარში. მაქარაშვილის განცხადებით, დანარჩენ სოფლებში, სადაც სტიქიამ ასევე პრობლემები შექმნა, ამ დრომდე აქტიურად მუშაობს სპეცტექნიკა და მიმდინარეობს სოფლებთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზების აღდგენა.

„უკვე სრულად აღდგა მოძრაობა ორ სოფელში, დანარჩენ სოფლებთან მოძრაობის აღსადგენად კეთდება ყველაფერი. ადგილზე სრულად არის მობილიზებული ტექნიკა და ვვარაუდობთ, რომ ხვალ, დღის ბოლომდე შესაძლებელი იქნება მოძრაობის აღდგენა. მოსახლეობას არანაირი პრობლემა მედიკამენტებისა და საკვების მხრივ არ გააჩნია, უწყვეტ რეჟიმში ხდება მათი მომარაგება როგორც საკვებით, ასევე მედიკამენტებით“,- განაცხადა გიორგი მაქარაშვილმა.