ლენტეხის „ცხელების ცენტრში“ ორი პაციენტის ანალიზის პასუხები მიიღეს, კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა
ლენტეხის „ცხელების ცენტრში“ ორი პაციენტის ანალიზის პასუხები მიიღეს, კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა

ლენტეხში, „ცხელების ცენტრში“ მაღალი სიცხით გადაყვანილ ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ორი ქალის ბიოლოგიური ნიმუშები ლენტეხიდან ქუთაისში მას შემდეგ გაგზავნეს, რაც ცენტრში მაღალი ტემპერატურითა და ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით ორი პაციენტი შეიყვანეს. ორივე მათგანი ამ დრომდე ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

ამასთან, ქვემო სვანეთში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს თერმოსკრინინგი, რომელიც 5000 ადამიანს ჩაუტარდება. თერმოსკრინინგის პირველი ეტაპი სავარაუდოდ ხვალ დასრულდება.

ლენტეხში შეუფერხებლად მუშაობენ სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები. როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, დისტრიბუციის პრობლემა მუნიციპალიტეტში არ არის.

თვითიზოლაციაში 100-მდე მოქალაქე რჩება, მათ ლენტეხში კორონავირუსით ინფიცირებულ ხუთ პირთან ჰქონდათ კონტაქტი.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სრული კარანტინი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევები დადასტურდა.