ლენინგრადის ოლქში, კირიშის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა
რუსეთის ლენინგრადის ოლქში, კირიშის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა. შესაბამისი ინფორმაცია რუსულ ტელეგრამარხებში გავრცელდა.
მოგვიანებით რეგიონის გუბერნატორმა, ალექსანდრ დროზდენკომ განაცხადა, რომ ქალაქ კირიშში სამი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. გუბერნატორის ცნობით, დრონების ნამტვრევების ჩამოვარდნის შედეგად ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. დროზდენკოს განცხადებით, დაშავებული არავინაა, ხანძარი ლიკვიდირებულია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ სხვადასხვა რეგიონის თავზე 80 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, აქედან ყველაზე მეტი, 30 დრონი ბრიანსკის ოლქის თავზე. 15 დრონი ჩამოაგდეს ოკუპირებულ ყირიმში.
კირიშის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა.