„ლელოში“ აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ
„ლელოში“ აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ

„ლელოს“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ირაკლი კუპრაძის განცხადებით, მის თანაგუნდელებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ირაკლი კუპრაძემ ინციდენტის ამსახველი ვიდეოც გაავრცელა და აღნიშნა, რომ „ლელოს“ წევრები ალექსანდრე მილორავა და მიშა ქავთარაძე ჯინჭარაძის ქუჩაზე, საერთო ეზოში თვითნებურად დამონტაჟებულ ღობეს აპროტესტებდნენ.

ირაკლი კუპრაძის თქმით, კომპანია „ელიტჰაუსი“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“, გიორგი მანველიძეს ეკუთვნის, რომელმაც საერთო ეზოში ღობე უკანონოდ აღმართა.

„მოქალაქემ დეპუტატის წინააღმდეგ სასამართლოში სამივე ინსტანცია მოიგო, ამის მიუხედავად აღსრულება ვერ ხდება. „ქართული ოცნება“ საკუთარ გავლენებს ძალადობრივად იყენებს, ასევე, ვხედავთ, რომ ზედამხედველობის სამსახური პოლიტიკური ძალადობით არის დაკავებული და ფაქტზე თვალს ხუჭავს, რასაც „ქართული ოცნების“ გავლენიანი ლიდერები, მათ შორის დეპუტატი გიორგი მანველიძე ეწევა“,- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.