„ლელოში“ აცხადებენ, რომ მათი პარტიის ოთხი წევრი დააკავეს. როგორც „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, პოლიცამ პარტიის გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე და კიდევ სამი პირი დააკავა.
„ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე და სამი ახალგაზრდა ლიდერი – ოთო ფარულავა, ბექა ბერიძიშვილი და ჯუბა ლოლაძე რეჟიმის მსახურმა პოლიციამ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, უკანონოდ დააკავა!
მოვითხოვ დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აქვე გაფრთხილებთ: ბიძინას პოლიციური ტერორი მალე დამთავრდება ამ ქვეყანაში და ყველა ამ უსამართლობაში მონაწილე პირი უმკაცრესად დაისჯება!“ – წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.
მოგვიანებით, ირაკლი კუპრაძემ სოციალურ ქსელში მისი და მასთან ერთად დაკავებული სამივე პირის გათავისუფლების შესახებ დაწერა.
„ჩვენ თავისუფლები ვართ! ლაზერი წაგვართვეს და პატიმრობაში დარჩა. ცეცხლი ოლიგარქიას!“, – წერს ირაკლი კუპრაძე.