„ლელოს“ წევრებმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს
„ლელოს“ წევრებმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს

„ლელოს“ წევრებმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.

როგორც აღინიშნა, სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრაზე განხილვის თემა იყო „ლელოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაკავება.

შეხვედრა პარტიის ოფისში გაიმართა. „ლელოდან“ შეხვედრაში მონაწილეობდნენ დავით უსუფაშვილი, თაზო დათუნაშვილი, გიორგი სიორიძე და საბა ბუაძე.

„გვქონდა შეხვედრა ევროპელ და ამერიკელ დიპლომატებთან. ერთი მხრივ, ეს იყო მორიგი შეხვედრა, ძალიან მნიშვნელოვანია, იმ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლება მათთან კომუნიკაციაზე აღარ მიდის. ჩვენ გვჭირდება სტრატეგიულ პარტნიორებთან მუდმივი კომუნიკაცია. ამასთანავე, დღევანდელი შეხვედრა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პატიმრობასაც შეეხებოდა. მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია, არა მარტო პოლიტიკური ვითარებისა და არგუმენტების შესახებ, ასევე იურიდიულ-სამართლებრივი დეტალებიც, ვინაიდან, ჩვენ ამ პროცესში ვმოქმედებთ არა მარტო პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე, არამედ კანონისა და კონსტიტუციის დაცვით. ბრალდებები, რომლებიც მამუკას და ბადრის წაუყენეს, არის შეთითხნილი. ისინი კონსტიტუციას ემორჩილებიან, სასამართლოზეც დადიოდნენ, მაგრამ ვერ და არ დაემორჩილებიან პოლიტიკური დევნის ორგანოებს, რომლებიც შემდეგ დასდევენ ხალხს და აპატიმრებენ. სრულიად აშკარაა, რომ დიპლომატები შეშფოთებული არიან იმით, რასაც ხედავენ, რადგან საქართველო იყო უზარმაზარი იმედის მომცემი პარტნიორი და ახლა ამ დღეში ვართ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე „ლელოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს რვა თვით პატიმრობა შეუფარდა. ასევე, მათ ორი წლით აეკრძალათ თანამდებობის დაკავება. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე 23 ივნისს დააკავეს.