„ლელოს“ წარმომადგენელი - არც ერთ მეფეს, ლუდოვიკო XIV-ეს გარდა ისე წარმატებით არ უთქვამს „სახელმწიფო ეს მე ვარ“, როგორც ბიძინა ივანიშვილმა თქვა
„ლელოს“ წარმომადგენელი - არც ერთ მეფეს, ლუდოვიკო XIV-ეს გარდა ისე წარმატებით არ უთქვამს „სახელმწიფო ეს მე ვარ“, როგორც ბიძინა ივანიშვილმა თქვა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გუშინ გაცხადებულ პროექტზე, რომელიც წყალტუბოს განვითარებას ეხებოდა, მოძრაობა „ლელოში“ დღეს პრესკონფერენცია გაიმართა.

პრესკონფერენცია მოძრაობის ეკონომიკური გუნდის წევრებმა, ქეთი ენუქიძემ და გიგლა მიქაუტაძემ გამართეს.

როგორც ქეთი ენუქიძემ აღნიშნა, წყალტუბოს პროექტი არის ავთვისებიანი ინვესტიცია ბიძინა ივანიშვილის მხრიდან.

„არც ერთ მეფეს, ლუდოვიკო XIV-ეს გარდა ისე წარმატებით არ უთქვამს „სახელმწიფო ეს მე ვარ“, როგორც ეს თქვა ბიძინა ივანიშვილმა 21-ე საუკუნეში ე.წ. დამოუკიდებელ საქართველოში. სახელმწიფომ ამ წლების განმავლობაში ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება, ინვესტორებისთვის მიმზიდველი გაეხადა კურორტი. რიგ შეთხვევებში შეიძლება დავინახოთ ხელის შეშლის დამადასტურებელი საეჭვო გარემოებები. მხოლოდ სამი სანატორიუმის გაყიდვა და მათი მფლობელობიდან ერთის უდავო კავშირი ივანიშვილის ჯგუფთან გვაფიქრებინებს, რომ კურორტის ამ მდგომარეობამდე მიყვანა ხდებოდა მიზანმიმართულად, რათა საბოლოოდ ასეთ შედეგამდე მივსულიყავით: ივანიშვილი მოვლენოდა რეგიონს ერთადერთ მხსნელად. ივანიშვილის ამ საქმესთან კავშირს ყველაზე ნათლად ამ კომპანიების და მათი ხელმძღვანელების წყალტუბოს პროექტში ჩართულობა ადასტურებს: უჩა გელაშვილი კომპანიით შპს „გლობალური ტექნოლოგიები“ მიხეილ ჩხარტიშვილის ბიზნესპარტნიორი. ასევე სს „უნივერმაღ თბილისის“ და შპს „თბილისი პლაზას“ (შპს „გალერია თბილისი“) დირექტორი იყო, რომლებიც უშუალოდა არის დაკავშირებული ივანიშვილის ბიზნესინტერესებთან (შპს „ჯი სი ეფ პარტნიორებთან“)“, – განაცხადა ენუქიძემ.

მისივე თქმით, საეჭვოა, რომ 22 სანატორიუმის და ცხრა აბანოს რეაბილიტირებაში ივანიშვილი ჩადებს განვითარებისათვის საკმარის ინვესტიციას, მაგრამ ხელისუფლების მთელი გუნდის ჩართულობა ამ პროექტში ადასტურებს, რომ ეს გეგმა ახალი არ უნდა იყოს და წინასწარ ყველაფერი მზადდებოდა, რათა ინვესტორების წყალტუბოთი დაინტერესება არ მომხდარიყო.

„ივანიშვილი არ არის ტიპიური ინვესტორი და როდესაც ხელისუფლება ცდილობს, რომ მისი განზრახვა კეთილშობილი სურვილით შეფუთოს, უნდა შევახსენოთ, რომ ასეთი შეუზღუდავი გავლენის მქონე ადამიანის პოზიციიდან, როგორითაც ივანიშვილი სარგებლობს, ეს მხოლოდ ქვეყნის მიტაცების კიდევ ერთი დადასტურებაა“, – განაცხადა ენუქიძემ.

ამასთან, მოძრაობის წევრის გიგლა მიქაუტაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება არის აღიარება, რომ საქართველოს არ ყავს მთავრობა, საქართველო არ არის სახელმწიფო და არ აქვს ქვეყნის განვითარების გეგმა.

მისივე თქმით, ნაცვლად იმისა, რომ გაუმჯობესდეს ქვეყნის მართვის მექანიზმები, რაც იყო მოსახლეობის რეალური დაკვეთა, „ქართული ოცნება“ მორიგი საარჩევნო ილეთით ცდილობს, ერთი მხრივ, მოიპოვოს საარჩევნო ხმები, ხოლო მეორე მხრივ, ერთი კაცის ხელში აღმოჩნდეს არათუ ცალკეული სასტუმრო, არამედ მთელი ქალაქი.

„მარტივად, რომ დავიანგარიშოთ, 22 სასტუმროსა და ცხრა აბანოს რეაბილიტაციას დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარი დასჭირდება. ვის სჯერა იმის, რომ ივანიშვილი ასეთ უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიციას ერთ ქალაქში განახორციელებს. ან რატომ არ დებს ივანიშვილი თავის „საქველმოქმედო“ ფულს მაგალითად, მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში ან თანამედროვე ტექნოლოგიებში? დღეს ტურიზმში კერძო ინვესტიციების მოზიდვა ყველაზე მარტივია საქართველოში, თუ მთავრობა კარგად იმუშავებს. ეს არის მორიგი სპეკულაციური პროექტი, რომლის მიზანია დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების იაფად ხელში ჩაგდება“, – განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ იწყებს წყალტუბოს განვითარების პროექტს. მისივე თქმით, წყალტუბოს აქვს პოტენციალი, გადაიქცეს რეგიონის ტურიზმის დედაქალაქად. „გადავწყვიტე, წყალტუბოში გამოვისყიდო უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, ცხრა აბანო და მოვახდინო მათი სრული რეაბილიტაცია“, – აღნიშნულია წერილში.