„ლელოს“ სამგორის ახალგაზრდულმა ფრთამ ფიქრია ჩიხრაძესთან ერთად აეროპორტის დასახლებაში აქცია გამართა
„ლელოს“ სამგორის ახალგაზრდულმა ფრთამ ფიქრია ჩიხრაძესთან ერთად აეროპორტის დასახლებაში აქცია გამართა

„ლელოს“ სამგორის ახალგაზრდულმა ფრთამ მაჟორიტარობის კანდიდატ ფიქრია ჩიხრაძესთან ერთად აეროპორტის დასახლებაში აქცია გამართა. ისინი პოლიკლინიკების გასხვისებას აპროტესტებენ და ხელისუფლებისგან აეროპორტის დასახლებაში სამედიცინო პუნქტის გახსნას ითხოვენ. აქციაში მონაწილეობა ადგილობრივმა მოსახლეობამაც მიიღო.

როგორც „ლელოს“ ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებისთვის ცენტრში წასვლა უწევს, რაც ბევრი მათგანისთვის უსახსრობის ან ჯანმრთელობის გამო შეუძლებელია.

„ჩვენ ვიმყოფებით აეროპორტის დასახლებაში, რომელიც ეკუთვნის სამგორის რაიონს და ეკუთვნის თბილისს. სამწუხაროდ, ქალაქური ცხოვრების პირობებზე აქ ლაპარაკი ზედმეტია, ძალიან ბევრი პრობლემაა, მაგრამ დღეს აქციას პოლიკლინიკის გასხვისებასთან დაკავშირებით ვატარებთ. მთელ დასახლებას, რომელიც ტერიტორიულად საკმაოდ მოცილებულია დედაქალაქის ცენტრალური უბნებიდან, აღარ აქვს არც ერთი პოლიკლინიკა, მანამდე არსებული პოლიკლინიკა გაუქმდა და ხელისუფლებამ არ იზრუნა, მის სანაცვლოდ რამე გაკეთებულიყო. აქ ვერ აღწევს სასწრაფო დახმარების მანქანა დროულად და ადამიანები იღუპებიან ამის გამო. საზოგადოებრივი ტრანსპორტიც იმდენად ცუდად მუშაობს, რომ გეოგრაფიულად მიუწვდომელი ხდება სამედიცინო სერვისები ადამიანებისთვის. ანალოგიური მდგომარეობაა ორხევშიც. იქაც არ არის პოლიკლინიკა.

ქალაქური დასახლებები ჰქვია ადგილებს, სადაც ადამიანებს ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობა არ შეუძლიათ. ვითხოვთ, რომ ხელისუფლებამ, ვის უშუალო მოვალეობასაც წარმოადგენს და ხელეწიფება, დაუყოვნებლივ მოხდეს თანხისა და შესაბამისი ფართის გამოყოფა, რათა აეროპორტის დასახლებას უახლოეს ხანებში ჰქონდეს პოლიკლინიკა და მოსახლეობას ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს სამედიცინო მომსახურეობა“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.