ჯართან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადება „ლელომ“ გმირთა მემორიალთან გააპროტესტა
ჯართან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადება „ლელომ“ გმირთა მემორიალთან გააპროტესტა

თბილისში, გმირთა მემორიალთან მოძრაობა „ლელოს“ წარმომადგენლებმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადება გააპროტესტეს. მათ ყვავილებით შეამკეს გმირთა მემორიალი.

„ლელოს“ ლიდერები აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა შეურაცხყოფა მიაყენა ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს, მოქმედ და მომავალ ჯარისკაცებს.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოუწოდეს პრეზიდენტს, მოიხადოს ბოდიში და ასევე, საჯაროდ გააკეთოს განცხადება თავდაცვის მინისტრმა.

„ლელოს“ წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ მოძრაობის წევრები გმირთა მემორიალთან ქართველი ჯარისკაცებისთვის მადლობის სათქმელად მივიდნენ.

„მადლობა თითოეულ ქართველ ჯარისკაცს, თითოეულ ვეტერანს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც მსახურობს და მსახურობდა ქართულ ჯარში, მათ ოჯახებს. ქართული საზოგადოება მათ სამსახურს აფასებს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება საუბედუროდ არ აფასებს მათ სამსახურს და ეს გამოიხატება ბევრ რამეში. კულმინაციური იყო პრეზიდენტის მიერ გაკეთებული სრულიად სამარცხვინო, მოღალატეობრივი, კაპიტულანტური განცხადება, როდესაც მან თქვა, რომ საქართველოს არ ჰყავს და არც ეყოლება ჯარი. ჩვენ გვინდა, რომ ქართულ ჯარს სრული მხარდაჭერა გამოვუცხადოთ, მადლობა ვუთხრათ. პრეზიდენტმა საჯაროდ უნდა მოიხადოს ბოდიში და ასევე, სასწრაფო განცხადება უნდა გააკეთოს თავდაცვის მინისტრმა, რომელსაც უკვე ძალიან დააგვიანდა და მისი დუმილი შემაშფოთებელია. თქვენ, ქართველ ჯარისკაცებს, საუბედუროდ გყავთ უღირსი მთავარსარდალი, მაგრამ ეს არის დროებითი. ის, რასაც თქვენ ემსახურებით – სამშობლო, არის მუდმივი და ჩვენ მადლიერი ვართ თქვენი სამსახურისთვის“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გუშინ სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებს უმასპინძლა და მათ სიტყვითაც მიმართა. პრეზიდენტმა საქართველოსა და კავკასიის შესახებ ცოდნის შეგროვებისა და გავრცელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ საქართველოს ბევრი სერიოზული მეცნიერი მსახურობს და ქართული კულტურის უცხოეთში გასატანად ისინიც უნდა იყვნენ ჩართული. „ჩვენ სხვა არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი, მაგრამ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან ძლიერი იარაღი, რომელსაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.