„ლელო“, „შენების მოძრაობა“ და „ახალი მემარჯვენეები“ განცხადებას ავრცელებენ - საზოგადოება დაიღალა დაპირისპირებებით, მას სჭირდება გონიერი ხელისუფლება
„ლელო“, „შენების მოძრაობა“ და „ახალი მემარჯვენეები“ განცხადებას ავრცელებენ - საზოგადოება დაიღალა დაპირისპირებებით, მას სჭირდება გონიერი ხელისუფლება

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ მმართველი პარტია და მისი ლიდერი იქცნენ ქვეყანაში დესტაბილიზაციის წყაროდ, მათი მართვის სტილმა ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობამდე მიიყვანა, – ამის შესახებ აღნიშნულია მოძრაობას „ლელოს“, „შენების მოძრაობისა“ და „ახალი მემარჯვენეების“ ერთობლივ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გუშინ, თბილისსა და მცხეთაში, ხოლო გუშინწინ ქუთაისში განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ნაცვლად, ხელისუფლება აორგანიზებს და ახალისებს ძალადობას.

„ნათელია, რომ ეს მოვლენები არის არა მოქალაქეთა ჯგუფებს შორის განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო გაჩენილი დაპირისპირება, არამედ ხელისუფლების მიერ მართული აგრესიული ჯგუფების ძალადობა, რომლის მიზანიც საზოგადოებაში არსებული პროტესტის ჩახშობა და დასჯაა. ამასთან, გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა ის სავალალო რეალობა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია მმართველი პარტიის მიერ: ადგილზე მყოფი პოლიციელები დანაშაულებრივ ფაქტებზე რეაგირების ნაცვლად, თავიანთი უმოქმედობით, ხელს უწყობდნენ ძალადობას.

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ მმართველი პარტია და მისი ლიდერი იქცნენ ქვეყანაში დესტაბილიზაციის წყაროდ. მათი მართვის სტილმა ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობამდე მიიყვანა. ახლა კი იმისთვისაც მზად არიან, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად ძალადობას გაუხსნან გზა.

მივმართავთ ხელისუფლებას: არ მოგცემთ უფლებას, ჩაითრიოთ ქვეყანა არეულობასა და დაპირისპირებაში. საქართველოს მოქალაქეებს კარგად გვახსოვს სამოქალაქო შუღლის და ერთმანეთის მიუღებლობის უმძიმესი ისტორიები ახლო წარსულიდან, რაც ჯერ კიდევ მოუშუშებელ იარად ატყვია ჩვენს ცნობიერებას და სახელმწიფოს. მძიმე წარსულმა თუ რამე გვასწავლა ისაა, რომ პოლიტიკური განსხვავებები, რაც არ უნდა მწვავე იყოს ის, უნდა წყდებოდეს პოლიტიკური პროცესით და არა ძალადობით და იმიტირებული კონტრაქციებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც განცხადებაში წერია, საზოგადოება დაიღალა სიძულვილით, შიშით, დაპირისპირებებით, მას სჭირდება გონიერი, პასუხისმგებლიანი, ქვეყანაზე და არა საკუთარ ძალაუფლებაზე ორიენტირებული ხელისუფლება, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეუქმნის ღირსეული, სტაბილური ცხოვრების და განვითარების გარანტიებს.

„მმართველი პარტია ვალდებულია, უზრუნველყოს ხელისუფლების ცვლილება სამართლიანი საარჩევნო სისტემით არჩევნებით, რომელიც ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს, გაარღვიოს ორპოლუსიანი პოლიტიკური ველი და დაიწყოს სრულიად ახალი, ჯანსაღი, მრავალპარტიული პოლიტიკური ცხოვრება.

მოვუწოდებთ ძალოვან უწყებებს: იმოქმედონ კონსტიტუციის და არა დაკვეთების შესაბამისად, მაქსიმალურად უზრუნველყონ საპროტესტო აქციების მშვიდობიანი ხასიათი, სასწრაფოდ მოხდეს ძალადობაში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირება და მიეცეს თითოეული მათგანი პასუხისგებაში, მოვუწოდებთ სამოქალაქო აქტივისტებს და ახალგაზრდებს – მაქსიმალურად გამოიჩინონ სიფხიზლე და არ დაუშვან დაპირისპირებაში შესვლა მოძალადე ჯგუფებთან და არ წამოეგონ პროვოკაციებს; მკაცრად ვაფრთხილებთ ხელისუფლებას – მან წამოიწყო ძალიან სახიფათო თამაში, რომელიც ძვირად დაუჯდება მმართველ ძალას და რაც ჩვენთვის ასმაგად შემაშფოთებელია – ქვეყანას. ამიტომ, მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, მოვიდნენ გონს, სამოქალაქო დაპირისპირებების ყველა შესაძლო შედეგზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება „ქართულ ოცნებას“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს“, – აღნიშნულია განცხადებაში.