„ლელო საქართველოსთვის“ - ვაჟა გაფრინდაშვილმა მოგვცა სამოქალაქო გმირობის უპრეცედენტო მაგალითი
„ლელო საქართველოსთვის“ - ვაჟა გაფრინდაშვილმა მოგვცა სამოქალაქო გმირობის უპრეცედენტო მაგალითი

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს გათავისუფლებას ულოცავს.

პარტიამ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, რომელშიც აღნიშნავს, რომ საქართველო დღეს ინდივიდუალური გმირობის მაგალითებზე დგას.

„ლელო საქართველოსთვის“ ვულოცავთ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობისაგან გათავისუფლებას. ვაჟა გაფრინდაშვილის ისტორია არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა დგას არა სახელმწიფო სტრუქტურებზე, არამედ ინდივიდუალური გმირობის მაგალითებზე. დღეს, როცა ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სერვისების ხელმისაწვდომობას და მოქალაქეების დაცვას საოკუპაციო რეჟიმისაგან, ვაჟა გაფრინდაშვილმა მოგვცა სამოქალაქო გმირობის უპრეცედენტო მაგალითი.

ჩვენი პოლიტიკური მოძრაობა აქტიურად იდგა დატყვევებული ექიმის ოჯახის გვერდით და ვიზიარებთ იმ სიხარულს, რომელიც დღეს მის გათავისუფლებას მოჰყვა. იმედი გვაქვს, ეს იქნება ბოლო შემთხვევა, როცა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს მოქალაქეებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების უფლებას შეუზღუდავენ.

კიდევ ერთხელ ვულოცავთ ვაჟა ექიმს მის მებრძოლ და სამაგალითო ოჯახს და ვუსურვებთ, რომ სულ მალე, გაერთიანებულ და საოკუპაციო რეჟიმისგან თავისუფალ ქვეყანაში გვეცხოვროს“, – ნათქვამია „ლელო საქართველოს“ განცხადებაში.