„ლელო საქართველოსთვის“ მოითხოვს, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდეს
„ლელო საქართველოსთვის“ მოითხოვს, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდეს

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ მოითხოვს, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდეს.

პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი კუპრაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გუშინ მიღწეულ შეთანხმებას პოზიტიურად აფასებს. თუმცა, ასევე აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებებზე თემა აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სისტემა მსჯელობის საგანი ერთხელაც არ გამხდარა

„ერთხელაც არ ყოფილა განხილვის საგანი პარლამენტის შემდეგ ქვეყნის რიგით მეორე მაღალი ლეგიტიმაციის წარმომადგენლობითი ორგანოს, აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სისტემა. „ლელო საქართველოსთვის“ მოუწოდებს მმართველ პარტიას, მიიღოს გადაწყვეტილება უმაღლესი საბჭოს არჩევნების სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით და ქვეყანას მისცეს შესაძლებლობა, დემოკრატიის ლოკომოტივი შექმნას აჭარის მაგალითზე“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას რვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია ითხოვდა. კანონპროექტი აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა, თუმცა აღარ განხილულა.

ამასთან, გუშინ მმართველი გუნდი და ოპოზიცია 2020 წლის არჩევნებისთვის 120/30-ის მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40-პროცენტიან ბარიერზე შეთანხმდნენ. საქართველოში აშშ-ის საელჩომ შეთანხმების ტექსტიც გაავრცელა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება.