„ლელო საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მოუწოდებს, „რუსეთის მიმართ არგაღიზიანების პოლიტიკა“ შეცვალოს
„ლელო საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მოუწოდებს, „რუსეთის მიმართ არგაღიზიანების პოლიტიკა“ შეცვალოს

„ლელო საქართველოსთვის“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, „შეცვალოს არგაღიზიანების დანაშაულებრივი პოლიტიკა რუსეთის ფედერაციის მიმართ“.

ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი წევრის, ლანა გალდავას განცხადებაშია ნათქვამი.

მისი შეფასებით, ხელისუფლების აღნიშნულ პოლიტიკას მხოლოდ ზიანი მოაქვს საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის ტერიტორიული მთლიანობის და დეოკუპაციის მიმართულებით.

„ხელისუფლებას, რომელსაც საღათას ღრმა ძილით ძინავს, დეოკუპაციის მიმართულებით შევახსენებ, რომ საქართველოს საზღვრები ოკუპირებულ რაიონებში გადის ფსოუზე და როკის გვირაბთან! „ლელო საქართველოსთვის“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს არგაღიზიანების დანაშაულებრივი პოლიტიკა რუსეთის ფედერაციის მიმართ, რომელსაც მხოლოდ ზიანი მოაქვს საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის ტერიტორიული მთლიანობის და დეოკუპაციის მიმართულებით. პირიქით, ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა იაქტიუროს, იხმაუროს, ჩართოს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, რომ მათ დაგმონ რუსეთის მიერ პროვოცირებული ,,დე ფაქტო“ რეჟიმების დანაშაულებრივი ქმედებები და გაააქტიურონ საერთაშორისო ზეწოლა მათზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

გალდავას განცხადებით, „ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ე.წ. სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძისთვის 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც წინ უსწრებდა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მისი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრა, უკანონო დაკავება და ციხის იზოლატორში გადაყვანა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მიუთითებს, რომ საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათი უსაფრთხოების გარემო არათუ საოკუპაციო ხაზს იქით, არამედ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზეც არ არის დაცული“.

„ოკუპანტები გვივარდებიან სახლში და ძალადობრივი მეთოდებით გვტაცებენ ხალხს, რომლებსაც ან კლავენ, ან უკანონოდ ასამართლებენ. პოლიტიკური პარტია ,,ლელო საქართველოსთვის“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას: შეცვალოს არგაღიზიანების დანაშაულებრივი პოლიტიკა რუსეთის ფედერაციის მიმართ, რომელსაც მხოლოდ ზიანი მოაქვს საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის ტერიტორიული მთლიანობის და დეოკუპაციის მიმართულებით;

ხელისუფლებამ უნდა ჩამოაყალიბოს გრძელვადიანი სტრატეგია და შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა დეოკუპაციის მიმართულებით, რაც მოიცავს ოკუპირებულ რეგიონებთან და საოკუპაციო ხაზებთან დაკავშირებით სამომავლო გეგმას;

სწორედ ზემოაღნიშნული მიზნებით, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებისადმი რეაგირებისათვის მიმართვის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის ამოქმედების პარალელურად, უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო ორგანიზაციების (გაერო, ეუთო და სხვა) ადგილზე წარმომადგენლობითი ოფისების ამოქმედება;

ხელისუფლებამ ყველა გზით, იქნება ეს დიპლომატიური, თუ პარტნიორული, უნდა მიმართოს მეგობარ ქვეყნებს, რომ საერთაშორისო სანქციების სიაში შეიყვანონ საოკუპაციო რეჟიმის დამნაშავე წარმომადგენლები;

გასატარებული კომპლექსური ღონისძიებები უნდა მოიცავდეს კონფლიქტისპირა რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დაცვას, რაც ნიშნავს ერთობლივ ღონისძიებებს საოკუპაციო ხაზებთან არსებული დასახლებების გამაგრებას და მხარდაჭერას, მუდმივი პატრულირებით მოქალაქეების უსაფრთხოების მდგომარეობის გამოსწორებას, კონფლიქტისპირა რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაძლიერებას, მოსწავლე არასრულწლოვნების საგანმანათლებლო პროცესებში სრულყოფილად ჩართვას.

საქართველოს ხელისუფლებამ მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით უნდა გააძლიეროს უსაფრთხოების ზომები საოკუპაციო ხაზებთან და აღარ უნდა დაუშვას დამნაშავე ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცების ფაქტები მომავალში“, – აღნიშნულია ლანა გალდავას განცხადებაში.

დატოვე კომენტარი