„ლელო“ რუსეთთან დროებითი სავიზო რეჟიმის ამოქმედებას და სხვა შეზღუდვების დაწესებას ითხოვს
„ლელო“ რუსეთთან დროებითი სავიზო რეჟიმის ამოქმედებას და სხვა შეზღუდვების დაწესებას ითხოვს

პარტია „ლელო“ რუსეთთან სავიზო რეჟიმის კონკრეტული წესებით ამოქმედებასა და სხვა შეზღუდვების დაწესებას ითხოვს. ამის შესახებ პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა და პარტიის წარმომადგენელმა თაზო დათუნაშვილმა დღეს გამართულ ბრიგინფზე განაცხადეს.

მათი მოთხოვნაა, დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთის ფედერაციასთან და იმ ქვეყნებთან, რომლებიც ჩართული არიან სამხედრო აგრესიაში უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ.

„ჯერ კიდევ მარტში „ლელომ“ დააყენა დღის წესრიგში აუცილებლობა იმისა, რომ ჩვენ გვემსჯელა რუსეთთან სავიზო რეჟიმის აღდგენაზე, როდესაც მკვეთრად იზრდება რუსეთიდან ჩვენს ქვეყანაში შემოსული მოქალაქეების რაოდენობა. „ქართულმა ოცნებამ“ არც ერთი ნაბიჯი არ გადადგა შესაბამისი მიმართულებით და დღეს ჩვენ გვაქვს მოცემულიბა, როდესაც თუ შევადარებთ მაგალითად, გასული წლის ივნისის მინაცემებს, ხუთჯერ არის გაზრდილი რუსეთიდან შემომავალი მოქალაქეების ნაკადები ჩვენს ქვეყანაში. გარდა ამისა, შვიდჯერ არის გაზრდილი წინა წლის მონაცემებთან შედარებით რუსეთის მოქალაქეების მიერ დარეგისტრირებული ბიზნესების რაოდენობა ჩვენს სახელმწიფოში, ასევე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც უვიზო რეჟიმი აქვს რუსეთთან, არც ერთ სხვა ქვეყანას არ აქვს ისეთი შეღავათიანი პირობები რუსეთთან, როგორიც დღეს აქვს საქართველოს. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ დღის წესრიგში აუცილებლად უნდა დადგეს მსჯელობა იმაზე, რომ ისევ აღვადგინოთ, თუ გნებავთ დროებით, მაგრამ აღდგეს სავიზო რეჟიმი იმისთვის, რომ გვქონდეს რაღაცა ფოლტრი დაყენებული ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დასაცავად და ვიცოდეთ, ვინ შემოდის, რა მიზნით, რამდენ ხანს რჩება და როდის ტოვებს ჩვენს სახელმწიფოს. ჩვენ ვითხოვთ ოფიციალურ სტატისტიკას, რამდენმა მოქალაქემ გადაკვეთა საზღვარი, რამდენმა მოქალაქემ მოითხოვა მუდმივი ბინადრობის უფლება ჩვენს ქვეყანაში და სხვადასხვა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გარდა ამისა, „ლელოს“ წარმომადგენლები თხოვენ, შეიზღუდოს და მაქსიმალურად გაკონტროლდეს საქართველოში მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის, ამასთანავე, ბინადრობის უფლების გაცემის საკითხი, ასევე, შეიზღუდოს და მაქსიმალურად გაკონტროლდეს ბიზნესის დარეგისტრირების პროცესი.