„ლელო“ - „ქართული ოცნება“ მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში სთავაზობდა ოპოზიციას, გადათვლილიყო „სამართლიანი არჩევნების“ მონაცემები, როცა წინსწრებით იცოდა, ამ მონაცემებში აღმოჩნდებოდა ცდომილება
„ქართული ოცნება“ მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში სთავაზობდა ოპოზიციას, გადათვლილიყო „სამართლიანი არჩევნების“ მონაცემები, როცა წინსწრებით იცოდა, ამ მონაცემებში აღმოჩნდებოდა ცდომილება, – აცხადებენ პარტია „ლელოში“.
„ლელო“ სვამს კითხვას, რატომ და როგორ გახდა ცნობილი ხელისუფლებისათვის ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ დაშვებული შეცდომის შესახებ, როცა ეს თავად ორგანიზაციას საჯაროდ არ ჰქონდა გაცხადებული.
„პოლიტიკურ გაერთიანება „ლელოს“ გვსურს, გამოვეხმაუროთ არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ის მიერ გამოქვეყნებულ განახლებულ დასკვნას საპარლამენტო არჩევნების შედეგების პარალელური დათვლის შედეგებთან დაკავშირებით.
როდესაც ვსაუბრობთ არჩევნების მასობრივ და ტოტალურ გაყალბებაზე, ჩვენ ვეყრდნობით არა მხოლოდ რომელიმე ერთი ორგანიზაციის ერთ ანგარიშს თუ შედეგების დათვლას, არამედ იმ დარღვევებს, რომლებიც როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე კენჭისყრის დღეს, მრავლად დააფიქსირეს საკუთრივ „ლელოს“ ლიდერებმა და აქტივისტებმა, არაერთმა მედიასაშუალებამ თუ სადამკვირვებლო ორგანიზაციამ: ვგულისხმობთ დაშინების, მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსის უკანონოდ გამოყენების ფაქტებს. ამავე დროს, ცხადია, რომ იმ მცირე რაოდენობის შემთხვევებში, როდესაც მოხდა უბნის შედეგების გადათვლა, დადასტურდა, რომ ბიულეტენები არასწორად იყო დათვლილი. სწორედ ამ რეალობის შემდეგ, ასობით საჩივარი საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციებმა და სასამართლოებმა აღარ განიხილეს, ხოლო მცირე ნაწილი – სრულიად დაუსაბუთებლად არ დააკმაყოფილეს, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა შექმნილი კრიზისი და დაადასტურა, რომ ხელისუფლების ყველა შტო მუშაობდა არა სიმართლის დასადგენად, არამედ მისაჩქმალად.
საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ISFED შედეგების პარალელური დათვლის დროს იყენებს იმ ოქმებს, რომლებიც დგება არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია მიემართებოდა ამ ოქმებს და მათში შეტანილ მრავალჯერად შესწორებებს, რის შედეგადაც სრულიად დაიკარგა შედეგების პირველადი, რეალური სურათის აღდგენის შესაძლებლობა. ამასთან, ISFED-ის მიერ შედეგების პარალელური დათვლა მეთოდოლოგიურად ვერ და არ ასახავს ამომრჩევლის მასობრივ მოსყიდვას, ზეწოლას, ნების კონტროლს, ე.წ. „კარუსელს“, არასწორად გაბათილებულ ბიულეტენებს და სხვა მანიპულაციებს, რამაც არსებითი გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე.
„ლელო“ მიიჩნევს, რომ არჩევნები არის მასობრივად გაყალბებული და ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული საბოლოო შედეგი არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. ხელისუფლება შეეცადა, პარალელური დათვლის შედეგებზე უცნაური და უსაგნო აპელირება წარმოეჩინა საზოგადოებისათვის ისე, თითქოს ეს შედეგები როგორმე ადასტურებს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, მაშინ, როცა ასობით დარღვევაზე არანაირი რეაგირება არ მოუხდენია არცერთ სახელმწიფო ინსტიტუტს და წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ჩადენილი მძიმე ფაქტები დღემდე გამოუძიებელი რჩება.
აქვე ჩნდება კითხვა, რატომ და როგორ გახდა ცნობილი ხელისუფლებისათვის ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ დაშვებული შეცდომის შესახებ, მაშინ, როცა ეს თავად ორგანიზაციას საჯაროდ არ ჰქონდა გაცხადებული; ეს განსაკუთრებით აჩენს ეჭვებს იმ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნება“ მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში სწორედ ამას სთავაზობდა ოპოზიციას – გადათვლილიყო ISFED-ის მონაცემები, მაშინ, როცა წინსწრებით იცოდა, რომ ამ მონაცემებში აღმოჩნდებოდა ცდომილება.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაიაზროს შექმნილი მძიმე პოლიტიკური კრიზისის რეალური მიზეზები და გადადგას მის განსამუხტად კანონიერი და სწორი პოლიტიკური ნაბიჯები“, – აღნიშნულია „ლელოს“ განცხადებაში.
ცესკო-ს საბოლოო მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ხმათა 48,22% აქვს მიღებული. ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გუშინ გავრცელებული პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 48,3% -ია, მინიმალური კი – 46,9%. ამდენად, „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები, ცდომილების ხარისხის გათვალისწინებით, ცესკო-ს საბოლოო შედეგებს ემთხვევა. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის მიერ პირველ ნოემბერს გამოქვეყნებული პარალელური დათვლის შედეგებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 46.5% იყო, მინიმალური კი – 45.1%.