„ლელო“ - მოვითხოვთ სააკაშვილის სამოქალაქო პროფილის სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანას
„ლელო“ - მოვითხოვთ სააკაშვილის სამოქალაქო პროფილის სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანას

პარტია „ლელო“ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო პროფილის სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანას მოითხოვს. ამის შესახებ პარტიის განცხადებაშია აღნიშნული.

„ლელოში“ აცხადებენ, რომ ნებისმიერი პატიმრის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო.

„საპატიმროში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი 26-ე დღეა შიმშილობს. ადვოკატების ინფორმაციით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად საგრძნობლად მძიმდება. ექიმთა კონსილიუმმა მისი შესაბამისად აღჭურვილ მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა. ანალოგიური რეკომენდაცია გასცა სახალხო დამცველმაც. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება აუხსნელ სიჯიუტეს იჩენს და მიხეილ სააკაშვილის ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანას აპირებს, სადაც მდგომარეობის დრამატულად დამძიმების შემთხვევაში არც მკურნალობისთვის სათანადო პირობები არსებობს და არც უსაფრთხოების გარანტიები. მდგომარეობის დრამატულად დამძიმების საფრთხე ყოველდღიურად მატულობს.

მოვითხოვთ, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო პროფილის სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანას, სადაც გარანტირებულად დაცული იქნება მისი სიცოცხლე და უსაფრთხოება.

ნებისმიერი პატიმრის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო. ხელისუფლებას კარგად უნდა ესმოდეს ამ საკითხთან დაკავშირებული რისკები და პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის სიცოცხლის შენარჩუნების მნიშვნელობა“, – აღნიშნულია „ლელოს“ განხცადებაში.