„ლელო“ - მოლაპარაკებებში „სირცხვილიას“ ჩართვა პრინციპულად მიგვაჩნია
„ლელო“ - მოლაპარაკებებში „სირცხვილიას“ ჩართვა პრინციპულად მიგვაჩნია

საზოგადოებრივ მოძრაობა „ლელოში“ მიიჩნევენ, რომ მოძრაობა „სირცხვილია“ აუცილებლად უნდა ჩაერთოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებებში.

„ლელომ“ ამის შესახებ განცხადება გაავრცელა.

„პროპორციული არჩევნების დაპირების უკან წაღებით, ხელისუფლებამ პოლიტიკური პროცესი ჩიხში შეიყვანა. მოქალაქეების, საზოგადოებრივი ჯგუფების, პოლიტიკური პარტიების ერთიანი და პრინციპული პოზიციონირების შედეგად, დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით, დღეს დაიწყო დიალოგი ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების მონაწილოებით.

აუცილებელია, მოლაპარაკებები დასრულდეს ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ, რაც თითოეული ჩვენთაგანისთვის უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი. იმედი გვაქვს, ხელისუფლება ახლა მაინც სათანადოდ გაიაზრებს მის როლს და პასუხისმგებლობას ამ პროცესში.

ამავე დროს, პრინციპულად მიგვაჩნია, რომ ამ მოლაპარაკებებში ჩაერთოს საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სირცხვილია“, რომლის წვლილი უდიდესია პროპორციული არჩევნების დაპირების მიღწევაში მიმდინარე წლის ზაფხულში და, რომელიც დღემდე არის ამ პროტესტის ერთ-ერთი მთავარი და უმნიშვნელოვანესი მონაწილე. სწორედ ამ ადამიანების თანმიმდევრულმა, პრინციპულმა და სწორმა პროტესტმა შექმნა 2020 წელს არჩევნების პროპორციულად ჩატარების შესაძლებლობა“, – აღნიშნულია „ლელოს“ განცხადებაში.

ამასთან, საზოგადოებრივ მოძრაობაში აცხადებენ, რომ პროპორციული არჩევნები არ არის მხოლოდ პოლიტიკური პარტიებისთვის მნიშვნელოვანი საკითხი, ეს არის თითოეული მოქალაქის უფლება, მიიღოს მონაწილეობა სამართლიან არჩევნებში.

„ამასთან, „სირცხვილიას“ ჩართვა ამ პროცესში გაზრდის პროცესის ანგარიშვალდებულებას ფართო საზოგადოების წინაშე, რაც აუცილებელია“, – აღნიშნავენ „ლელოში“.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა, დიპლომატების მონაწილეობით, სასტუმრო „ბილტმორში“ დილიდან მიმდინარეობს.

ამასთან, პარლამენტთან აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენელი შოთა დიღმელაშვილი მიმდინარე შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „სირცხვილიას“ არდაშვება მოლაპარაკებებზე ხელისუფლების მცდელობაა, ძირითადი მხარე დიალოგს გამოთიშოს და აქციები პარტიების მიერ მართულად წარმოაჩინოს. „ხელისუფლების მიერ შექმნილი მოლაპარაკების ფორმატი შირმაა. მასზე დაპატიჟებული ოპოზიცია ვერაფრით ისაუბრებს ჩვენი, აქციების საორგანიზაციო ჯგუფის სახელით“,  – წერს დიღმელაშვილი სოციალურ ქსელში.