„ლელო“ მედიატორების მიერ წარდგენილ ახალ დოკუმენტს ხელს მოაწერს
„ლელო“ მედიატორების მიერ წარდგენილ ახალ დოკუმენტს ხელს მოაწერს

„ლელო“ მედიატორების მიერ წარდგენილ ახალ დოკუმენტს ხელს მოაწერს. ამის შესახებ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოზე ერთხმად მიიღეს.

„დასრულდა „ლელოს“ პოლიტსაბჭოს სხდომა. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ხელს მოვაწერთ ევროკავშირისა და ელჩების მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს. გადაწყვეტილება მიღებულია ერთხმად!“, – წერს ირაკლი კუპრაძე „ფეისბუქზე“.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი გუშინ წარუდგინა. კერძოდ, შარლ მიშელის წარდგენილი ახალი დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს.

ამასთან, შარლ მიშელის ​დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ.

დატოვე კომენტარი