„ლელო“ - მამუკა ხაზარაძე და გია ხარჩილავა ტურინში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან, სადაც საფეხბურთო კლუბ „იუვენტუსთან“ კონტრაქტი გააფორმეს
„ლელო“ - მამუკა ხაზარაძე და გია ხარჩილავა ტურინში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან, სადაც საფეხბურთო კლუბ „იუვენტუსთან“ კონტრაქტი გააფორმეს

წალენჯიხაში „იუვენტუსის“ აკადემიის გახსნის თაობაზე კონტრაქტს ხელი მოეწერა, – ამის შესახებ ინფორმციას პარტია „ლელო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, იტალიაში, ქალაქ ტურინში, საფეხბურთო კლუბ ტურინის „იუვენტუსის“ სათაო ოფისში კონტრაქტს ხელი მოაწერა „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ.

„ახლახან დავამთავრეთ ხელმოწერის ცერემონია მსოფლიო და ევროპის წამყვან საფეხბურთო კლუბთან, „იუვენტუსთან“ და ამით ოფიციალურად გაფორმდა კონტრაქტი. წალენჯიხაში უკვე დაიწყო „იუვენტუსის“ ბავშვთა აკადემიის ფუნქციონირება. უახლოეს ხანში დავამთავრებთ სტადიონისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციას. რაც ყველაზე სასიხარულოა, წალენჯიხელ, და არამარტო წალენჯიხელ, ბავშვებს მიეცემათ საშუალება, ძალიან დიდ ფეხბურთს ეზიარონ, იმოგზაურონ, შეხვდნენ თავიანთ თანატოლებს. ანალოგიური აკადემია „იუვენტუსს“ აქვს მსოფლიოს 90 ქალაქში და სწორედ ამ ჩემპიონატებში მიიღებენ მონაწილეობას ქართველი ბავშვები. ჩვენი „იუვენტუსის“ მეგობრები და მწვრთნელები სისტემატურად იქნებიან ჩართული მათ აღზრდაში. მინდა, წარმატება ვუსურვო ყველას, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც გულშემატკივრობდა ამ პროექტს. წარმატება წალენჯიხას, წარმატება საქართველოს“, – ამბობს მამუკა ხაზარაძე.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ტურინში ასევე იმყოფებიან წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა და წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელქანია.