„ლელო“ - ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტი მიანიშნებს რეალურ საფრთხეზე, რომ ბელარუსი უახლოეს მომავალში განიხილავს არაღიარების პოლიტიკის გადახედვას
„ლელო“ - ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტი მიანიშნებს რეალურ საფრთხეზე, რომ ბელარუსი უახლოეს მომავალში განიხილავს არაღიარების პოლიტიკის გადახედვას

28 სექტემბერს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ჩასვლა საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული სუვერენული ინტერესების უხეში ხელყოფა, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების უგულებელყოფაა. ამის შესახებ პარტია „ლელოს“ განცხადებაშია ნათქვამი.

მათი თქმით, აღნიშნული ვიზიტი მიანიშნებს რეალურ საფრთხეზე, რომ ბელარუსი უახლოეს მომავალში განიხილავს არაღიარების პოლიტიკის გადახედვას.

„მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტი მოითხოვს დაუყოვნებლივ და სწრაფ რეაგირებას.

საქართველომ კონსულტაციებისთვის უნდა გამოიწვიოს ბელარუსში საქართველოს მიერ აკრედიტირებული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელარუსს უნდა წარუდგინოს ოფიციალური ნოტა, რომლითაც ბელარუსის მხარეს მოსთხოვს ოფიციალური განცხადების გაკეთებას – საქართველოს სუვერენიტეტს აღიარებას, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

აღნიშნული მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, დღის წესრიგში უნდა დადგეს ბელარუსის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კონსულტაციებზე გაწვევის საკითხი.

საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ დაიწყოს კონსულტაციები ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბელარუსისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების რეჟიმის გამკაცრების თაობაზე, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შემთხვევაში.

გაერო-ს და ეუთო-ს შესაბამის ფორმატებს და, ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტს ეთხოვოს, აღნიშნულ ფაქტზე მსჯელობის გამართვა და აღნიშნულ ორგანიზაციებში ბელარუსის ელჩების გამოძახება, განმარტებების მისაცემად.

ხელისუფლება, რომელმაც უკვე მრავალი წელი დაკარგა მშვიდობიანი მოლაპარაკებების ფორმატების ეფექტიანად გამოყენების გზით რაიმე შედეგის მისაღწევად, დღეს, როდესაც ჩვენი რეგიონი ისტორიული გამოწვევის წინაშე დგას, მორიგ შესაძლებლობას უშვებს ხელიდან, როდესაც ვერანაირ ქმედით პოლიტიკას ვერ უპირისპირებს რუსეთის დღის წესრიგს ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც ცნობილია, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა. საქართველოს საგარეო უწყებამ ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო, ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა, შემდეგ კი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს „ვიზიტი“ უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს.