„ლელო“ – ჩვენ აუცილებლად უნდა აღვადგინოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მაგრამ ეს პროცესი ვერ შედგება ძლიერი სახელმწიფოს გარეშე

13:55, 27.09.2026

დღეს 27 სექტემბერია, სოხუმის დაცემის დღე, ეს არის დღე, როდესაც განსაკუთრებული სიმძაფრით იგრძნობა 33 წლის წინანდელი ეროვნული ტრაგედია – აფხაზეთის ომი, ჩვენი გმირების თავგანწირვა, რუსული ოკუპაცია და საკუთარ სახლებში დაბრუნების მოლოდინში მყოფი ჩვენი დევნილები, – ამის შესახებ „ლელოს“ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც პარტიის წევრებმა ენგურთან გააკეთეს.

როგორც „ლელოში“ აცხადებენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის ის საკითხი, რომელშიც თითოეული ქართველი ერთიანია.

„ყველა, ვინც თავს საქართველოს მოქალაქედ მიიჩნევს, არასოდეს დააყენებს ეჭვქვეშ ფაქტს, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოა. ჩვენ აუცილებლად უნდა აღვადგინოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მაგრამ ეს პროცესი ვერ შედგება ძლიერი სახელმწიფოს გარეშე. სახელმწიფოს გარეშე, რომელსაც აქვს ევროპული მომავალი, ძლიერი ეკონომიკა, ძლიერი საერთაშორისო პოზიციები და ძლიერი ჯარი, რომელიც მშვიდობის დაცვის მთავარი გარანტია. სწორედ ამიტომ გვჭირდება ევროკავშირის ძლიერი ოჯახის წევრობა. საქართველომ უნდა დაიბრუნოს ევროპული გზა. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ქვეყნის შემდგომი საერთაშორისო იზოლაცია, რადგან იზოლირებული და დასუსტებული საქართველო, პირდაპირ ზრდის რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების სრული ანექსიის საფრთხეს. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია რუსეთმა. რუსული საოკუპაციო ჯარი დგას ქართულ მიწაზე და ყველა მეთოდით ცდილობს ხელი შეუშალოს ერთიანი ძლიერი საქართველოს არსებობას, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ისტორიას ახსოვს არაერთი დამარცხებული იმპერია და დარწმუნებულები ვართ, რომ სულ მალე რუსული ოკუპაცია დასრულდება და ჩვენ აღვადგენთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, – აცხადებენ „ლელოში“.

პარტიის წევრების თქმით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მშვიდობიანი დაბრუნება შესაძლებელია.

„ჩვენ გვჭირდება ნდობის აღდგენა ქართულ-აფხაზურ, ქართულ – ოსურ ურთიერთობებში, რისთვისაც გვჭირდება ძლიერი, კეთილდღეობით სავსე საქართველო ძლიერი ეკონომიკით , ძლიერი ინფრასტრუქტურით – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტით. ანაკლია მხოლოდ ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ეკონომიკური კარიბჭე არ არის, ის უნდა გახდეს ძლიერი ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი და ქვაკუთხედი ქართულ-აფხაზური ნდობის აღდგენისა და ერთიანი, ძლიერი საქართველოს განვითარების გზაზე. ძლიერი ეკონომიკა, მოქალაქეების კეთილდღეობა არის აღდგენილი ურთიერთობების საფუძველი. აფხაზეთში მცხოვრებმა ჩვენმა თანამოქალაქეებმა ნათლად უნდა დაინახონ ის რეალური სარგებელი, შესაძლებლობები და უსაფრთხოება, რომელსაც ერთიან, ევროპულ და განვითარებულ საქართველოში ცხოვრება მოუტანს მათ და მომავალ თაობებს. ძლიერი ეკონომიკისა და ევროინტეგრაციის სადარაჯოზე კი აუცილებლად უნდა იდგეს ძლიერი ქართული ჯარი. ჯარი, რომელსაც არ ძარცვავენ, არ ასუსტებენ და რომლის მთავარი დანიშნულება ქვეყნისა და მშვიდობის დაცვაა. ძლიერი ქართული არმია არის მშვიდობის რეალური გარანტია და სწორედ ძლიერი სახელმწიფოს შექმნით, ევროპული კურსის დაბრუნებით, ეკონომიკური განვითარებით, საერთაშორისო მხარდაჭერის გაძლიერებითა და თავდაცვისუნარიანობის გაზრდით შევქმნით იმ პირობებს, რომელშიც შესაძლებელი გახდება ჩვენი დევნილების ღირსეული დაბრუნება საკუთარ სახლებში.დევნილების დაბრუნება არ არის მხოლოდ წარსულის ვალის გასტუმრება – ეს არის საქართველოს სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი და მიზანი. ჩვენ გვჯერა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მშვიდობიანი დაბრუნება შესაძლებელია. ამისთვის საჭიროა ძლიერი საქართველო – ძლიერი ეკონომიკით, ძლიერი ჯარით, ევროპული მომავლით და საერთაშორისო საზოგადოებაში თავისი ღირსეული ადგილით. სოხუმის დაცემის დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რა დავკარგეთ და ჩვენი პასუხისმგებლობაა, შევქმნათ ისეთი ძლიერი სახელმწიფო, რომელიც შეძლებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მშვიდობიანი გზით. დიდება გმირებს. დიდება ერთიან, ძლიერ საქართველოს“, – აცხადებენ „ლელოში“.

მსგავსი