ლელა ქსოვრელის მეუღლე აცხადებს, რომ 4 წლის ბავშვმა დაზიანებები ბანაობის დროს მიიღო 
ლელა ქსოვრელის მეუღლე აცხადებს, რომ 4 წლის ბავშვმა დაზიანებები ბანაობის დროს მიიღო 

ლელა ქსოვრელის მეუღლე არკადი ძავაშვილი აცხადებს, რომ 4 წლის ბავშვმა დაზიანებები ბანაობის დროს მიიღო.

არკადი ძავაშვილი აცხადებს, რომ მისი მეუღლე უდანაშაულოა და ითხოვს, მისი ორი შვილის დაბრუნებას, რომლებიც მომხდარის შემდეგ მას განარიდეს. არკადი ძავაშვილმა განმარტა, რომ მცირეწლოვანს წყლის შიში ჰქონდა და სწორედ ამიტომ ბანაობის დროს აგრესიული იყო, რის გამოც სხვადასხვა დაზიანებებს იღებდა.

„ბავშვი წინა დღეებში ავად იყო, გრიპი ჰქონდა. სოციალურ მუშაკებს ვურეკავდით, არ გვაქცევდნენ ყურადღებას. ბავშვმა დაზიანებები მიიღო ბანაობის დროს. მიმღებ ოჯახში ბავშვი არ დაბანეს, რომ წამოვიყვანეთ, ყარდა, სუნი ჰქონდა. ჩემი მეუღლე აბანავებდა ხოლმე, ის დაუბანლობას იყო მიჩვეული და კიოდა, აგრესიული ხდებოდა. ბანაობის დროს ბავშვი აბაზანიდან გამოვარდა. მეზობელმა გაიგო ხმაური და პოლიცია ამის შემდეგ გამოიძახეს. გადმოცემით ვიცი, რომ სახლიდან პოლიციამ წაიღო რკინა, თითქოს მაგით არის ბავშვი მოკლული, მაგრამ ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს“, – განაცხადა არკადი ძავაშვილმა.

რაც შეეხება მეორე ბავშვზე შესაძლო ცემას, არკადი ძავაშვილი ამბობს, რომ ბავშვზე არანაირი ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

„რაც შეეხება ლუკას, ის მაღლა სახურავზე ავიდა, იქ სადაც დენის სადენები იყო, ხან დაეცემოდა, ხან რა მოუვიდოდა. ბავშვს ყოველ წუთას დედა ვერ აქცევდა ყურადღებას. არანაირი ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა. ექსპერტმა დაადგინოს, რომ ლელა ქსოვრელის მიერ ჩადენილი ძალადობის ფაქტები დასტურდება. ვითხოვ ჩემი შვილები დამიბრუნონ“, – განაცხადა არკადი ძავაშვილმა.

22 იანვარს გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედას, ლელა ქსოვრელს ბრალა ედება 117-ე მუხლის მე-6 ნაწილი, რაც გულისხმობს სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც არასრულწლოვნის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აქამდე ამ მუხლით მხოლოდ გამოძიება მიმდინარეობდა და მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ლელა ქსოვრელს ბრალი დაუმძიმდა.  სანზონაში 4 წლის ბავშვი 22 იანვარს, გარდაიცვალა.