ლელა ქებურია - ირაკლი ღურწკაიას განცხადება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა მისთვის მიუღებელია, სიმართლეს არ შეესაბამება
ლელა ქებურია - ირაკლი ღურწკაიას განცხადება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა მისთვის მიუღებელია, სიმართლეს არ შეესაბამება

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლელა ქებურიამ პარტიის ზუგდიდის ოფისში პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ მხრიდან პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებზე არსებულ ზეწოლაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მმართველი პარტიიდან მათი გუნდის წევრებს აშინებენ, რადგანაც მეორე ტურში „ევროპული საქართველოსგან“ საფრთხეს გრძნობენ.

როგორც ლელა ქებურაიმ აღნიშნა, ირაკლი ღურწკაიას განცხადება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა მისთვის მიუღებელია, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ქებურიას მტკიცებით, ღურწკაიამ თავიდანვე იცოდა, რომ მემორანდუმის თანახმად, „ევროპული საქართველო“ მეორე ტურში მხარს დაუჭერდა კანდიდატს ივანიშვილის წინააღმდეგ.

„გული მწყდება, რომ არ აღმოაჩნდა საკმარისი ნებისყოფა ამ ყველაფერს გამკლავებოდა. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია პირველი ტურის შემდეგ და ყველა გუნდის წევრისა და მხარდამჭერისთვის იყო გაცხადებული, რომ მხარს დავუჭერდით კანდიდატს, ვინც გავიდოდა მეორე ტურში. ახალი არაფერია, რომ მათ ვუჭერთ მხარს, რადგან ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილია მთავარი საფრთხე და ნამდვილი ოპოზიციაც ასე უნდა მოიქცეს“, – განაცხადა ქებურიამ.

“ქართულ ოცნებაში” ამ ბრალდებებს უკვე უპასუხეს. დღეს დილით მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბში ჟურნალისტებთან კომენტარი ქალაქის მაჟორიტარმა მერაბ ქვარაიმ გააკეთა და ყველანაირი ზეწოლა კატეგორიულად უარყო.

“ევროპული საქართველოდან” ზუგდიდის საკრებულოს წევრმა ირაკლი ღურწკაიამ დღეს პარტია დატოვა. ღურწკაია ამბობს, რომ მასზე არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა და აღნიშნული გადაწყვეტილება თავად მიიღო. ის პარტიის დატოვების მიზეზს განმარტავს და ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია იმ ძალის მხარდაჭერა, რომელიც ახალაიების, ქარდავებისა და სხვების შეწყალებასა და რეინკარნაციას აპირებს.