„ლეხის“ მწვრთნელმა ბათუმის „დინამოსთან“ მატჩი შეაფასა - როგორც იქნა, ჩემპიონის შესაფერისად ვითამაშეთ #1TVSPORT
„ლეხის“ მწვრთნელმა ბათუმის „დინამოსთან“ მატჩი შეაფასა - როგორც იქნა, ჩემპიონის შესაფერისად ვითამაშეთ #1TVSPORT

კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში პოზნანისლეხმა“ ბათუმის „დინამო“ 5:0 დაამარცხა და ფაქტობრივად, შემდეგ ეტაპზე გავიდა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან დენ ბრომმა კომენტარი გააკეთა.

„როგორც იქნა, ჩემპიონის შესაფერისად ვითამაშეთ, ყველაფერი კარგად გამოვიდა და ისე გამოიყურებოდა, როგორც უნდა ყოფილიყო. ძალიან ვამაყობ გუნდით, შემიძლია ჩემი ფეხბურთელების შექება, თუმცა სასურველი ამინდი არ იყო და ასეთ ტემპერატურაზე თამაში რთულია.

ამასთან, აღსანიშნავია ანგარიში 5:0. ვფიქრობ, ჩემპიონის დღევანდელი თამაშით მთელი პოლონეთი კმაყოფილია. შემიძლია ვთქვა, რომ გუნდურმა სულისკვეთებამ და რწმენამ შედეგი გამოიღო, ფეხბურთელებმა არ დამაღალატეს. შეგვიძლია ვთქვათ, როგორც იქნა, მოვიგეთ!

თავიდანვე მაღალი პრესინგით ვთამაშობდით, რამაც შედეგი მოგვიტანა. პირველი გოლის შემდეგ დაცვაში არ ჩავმჯდარვართ, მომენტები კიდევ შევქმენით, გამოვიყენეთ და ამავე დროს, მეტოქეს შანსი არ მივეცით. დღევანდელი თამაშის შემდეგ გულიდან ლოდი მომეხსნა, მაგრამ მთავარია, ფეხბურთელები კმაყოფილები დარჩნენ. ჩვენ ბოლო წარუმატებლობასთან გამკლავება მოვახერხეთ.

დღეს ყველაფერმა ხელი შეუწყო იმას, რომ სტადიონზე ცუდი დასწრება ყოფილიყო, მაგრამ ვინც მოვიდა, შესაძლოა, თავი გამარჯვებულად იგრძნო. საბოლოოდ მათ 5:0 მოიგეს“, – განაცხადა პოზნანისლეხისნიდერლანდელმა მთავარმა მწვრთნელმა.

ბათუმის „დინამო“ კონფერენს ლიგის მეორე ეტაპის განმეორებით შეხვედრას „ლეხთან“ 28 ივლისს ბათუმში გამართავს.