„ლეიბორისტული პარტიის“ წევრები აცხადებენ, რომ საპარლამენტო ოფისს ხსნიან, რომლის კარიც ყველა მოქალაქისთვის ღია იქნება
„ლეიბორისტული პარტიის“ წევრები აცხადებენ, რომ საპარლამენტო ოფისს ხსნიან, რომლის კარიც ყველა მოქალაქისთვის ღია იქნება

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრები დღეს საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდნენ.

პარტიის წევრის, მიხეილ ქუმსიშვილის განცხადებით, დღეიდან პარლამენტში პარტიის ოფისს ხსნიან, რომლის კარიც ყველასთვის ღია იქნება.

რაც შეეხება პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის პარლამენტში შესვლის საკითხს, ქუმსიშვილის თქმით, გადაწყვეტილება ხვალ, „ლეიბორისტული პარტიის“ პოლიტიკური კომიტეტის სხდომის შემდეგ გამოცხადდება.

„ხვალ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გაიმართება პარტიის პოლიტიკური კომიტეტის სხდომა და პოლიტიკური კომიტეტი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ჩვენ აქ გავხსნით საპარლამენტო ოფისს, სადაც ყოველთვის ყველა მოქალაქისთვის ღია იქნება კარი, ნებისმიერ შემთხვევაში შეეძლებათ მოსვლა და ჩვენთან აქტიური კომუნიკაცია. ეს არ იქნება საპარლამენტო ოფისი, მსგავსი სხვა მძინარე დეპუტატების კაბინეტებისა, სადაც არც კი ახსოვთ, რომ მოქალაქეებთან ანგარიშვალდებულნი არიან. ხვალ უკვე იქნება ოფიციალური გადაწყვეტილება. შემდეგ შალვა ნათელაშვილი აქტიურად შეუდგება საქმიანობას მას შემდეგ, რაც ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა მიხეილ ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, სავარაუდოდ პარტია ხვალ შალვა ნათელაშვილის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას მიიღებს.

„შიდა განწყობას გეტყვით, მათ შორის მეც ვარ მომხრე, რომ შემოვიდეს. მე ვვარაუდობ, რომ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. „ქართულ ოცნებასთან“ არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია. ჩვენ საჯაროდ ვადევნებთ თვალს ეკრანებიდან მათ გაუაზრებელ, უპასუხისმგებლო ქმედებებს. ნათელაშვილი არ აურჩევია არც კობახიძეს, არც ღარიბაშვილს, არც ივანიშვილს. ის აირჩია მისმა ამომრჩეველმა. შესაბამისად, არავითარი უფლება არ გააჩნიათ, რომ მას შეუწყვიტონ მანდატი. თუ მაინც ამას გააკეთებენ, ეს იქნება დიქტატურის დევნის კიდევ ერთი გამოხატულება“, – აღნიშნა მიხეილ ქუმსიშვილმა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 7 თებერვალს შალვა ნათელაშვილისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხზე იმსჯელა და მიიჩნია, რომ ნათელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე უნდა შეუწყდეს. კომიტეტის დასკვნა 14-18 თებერვლის კვირაში პლენარულ სხდომას წარედგინება.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, „ლეიბორისტულ პარტიას“ ერთი საპარლამენტო მანდატი აქვს მოპოვებული.