„ლეიბორისტული პარტია“ ტაქსის მძღოლებთან ერთად 11 აპრილს თბილისში მსვლელობას გამართავს
„ლეიბორისტული პარტია“ ტაქსის მძღოლებთან ერთად 11 აპრილს თბილისში მსვლელობას გამართავს

„ლეიბორისტული პარტია“ ტაქსის მძღოლებთან ერთად 11 აპრილს საპროტესტო აქციას გამართავს, – ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა გიორგი გუგავამ თბილისის მერიაში განცხადება შეიტანა.

გიორგი გუგავას თქმით, ტაქსის მძღოლებისთვის დაწესებულ ახალ რეგულაციებს აქციის მონაწილეები მსვლელობით გააპროტესტებენ. მსვლელობა აღმაშენებლის ხეივნიდან დაიწყება და საპროტესტო აქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან დასრულდება.

„მერიაში შევიტანეთ ოფიციალური გაფრთხილება იმის შესახებ, რომ 11 აპრილს გაიმართება ტაქსის მძღოლთა საპროტესტო მარში. შეკრება მოხდება აგრარული უნივერსიტეტის წინ, აღმაშენებლის ხეივანზე და საპროტესტო მარში ივანიშვილის სასახლესთან გაემართება, რათა ალყაში მოვაქციოთ ის. რადგანაც ამ ადამიანებს ტოვებენ უმუშევრად იმ მაფიოზური სქემების გამო, რომელიც დაატრიალა ივანიშვილმა და კალაძემ. მათ უნდათ საკუთარი ტაქსის კომპანიები შემოიყვანონ თბილისში და მძღოლები, რომლებიც საკუთარ ოჯახებს არჩენენ, გააძევონ ამ ბაზრიდან. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო დამძიმდება ის სოციალური მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი და გაიზრდება უმუშევრობა, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. ეს იქნება ტაქსის მძღოლების ფართომასშტაბიანი საპროტესტო მარში, რომელსაც ორგანიზებას უწევს ლეიბორისტული პარტია“, – განაცხადა გიორგი გუგავამ.

ტაქსის მძღოლები, რომლებიც დღეს თბილისის მერიაში იმყოფებოდნენ, ითხოვენ, მუნიციპალიტეტმა ავტომობილების თეთრად გადაღებვის რეგულაციის ამოქმედება გადაავადოს და მათ მგზავრის აყვანის უფლება ქალაქის ნებისმიერ ადგილას მისცეს.