„ლეიბორისტული პარტია“, „პატრიოტთა ალიანსი“ და „მოქალაქეები“ კრისტიან დანიელსონთან დღეს მიმდინარე ინდივიდუალურ შეხვედრებში არ მონაწილეობენ
„ლეიბორისტული პარტია“, „პატრიოტთა ალიანსი“ და „მოქალაქეები“ კრისტიან დანიელსონთან დღეს მიმდინარე ინდივიდუალურ შეხვედრებში არ მონაწილეობენ

„ლეიბორისტული პარტია“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ, კრისტიან დანიელსონთან დღეს მიმდინარე შეხვედრებში არ მონაწილეობს.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი გუშინდელ განხილვებს ესწრებოდა, თუმცა, როგორც ირკვევა, „ლეიბორისტული პარტია“ და მისი ლიდერი დღევანდელ შეხვედრაზე არ არიან მიწვეული.

გუშინდელისგან განსხვავებით, დღევანდელ შეხვედრაში არ მონაწილეობენ არც „პატრიოტთა ალიანსი“ და „მოქალაქეები“. „მოქალაქეები“ საპარლამენტო ოპოზიციას წარმოადგენს, ამასთან, საკანონმდებლო ორგანოში „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების მანდატები ადგილმონაცვლე პირებმა გამოიყენეს.

აღსანიშნავია, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, გოჩა თევდორაძემ საქართველოს პირველ არხთან სატალეფონო საუბრისას განაცხადა, რომ მისი მკვეთრი პოზიციის გამო, რომელიც ვადამდელ არჩევნებს უკავშირდება, მისთან ინდივიდუალური შეხვედრა არ შედგა. თუმცა, თევდორაძის განმარტებით, ელოდება, რომ გაერთიანებულ შეხვედრაზე დაურეკავენ.

გარდა ამისა, პარტია „მოქალაქეებიც“, რომელთანაც ასევე არ შედგა დღეს ინდივიდუალური შეხვედრა, აცხადებს, რომ ფაქტობრივად მიმდინარეობს შეხვედრა ბოიკოტის რეჟიმში მყოფ პარტიებთან, რომლებმაც საბოლოოდ დოკუმენტს უნდა მოაწერონ ხელი. ლევან იოსელიანის განმარტებით, მათთვის ვადამდელი არჩევნები არ იყო კატეგორიული პირობა, არამედ სასამართლო რეფორმა არის ის საკითხი, რაც შეხვედრაზე დააყენეს.