შალვა ნათელაშვილი - სოლიდარობას ვუცხადებთ რიონის გადასარჩენად დაძრულ ეროვნულ ლაშქარს, რომელთა ბრძოლისუნარიანობით ყველა აღფრთოვანებული ვართ
შალვა ნათელაშვილი - სოლიდარობას ვუცხადებთ რიონის გადასარჩენად დაძრულ ეროვნულ ლაშქარს, რომელთა ბრძოლისუნარიანობით ყველა აღფრთოვანებული ვართ

„ლეიბორისტულ პარტიას“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეაქვს სარჩელი და ითხოვს ყველა კონტრაქტის, ნორმატიული აქტის გაუქმებას, რომელიც კომპანია „ენკასთან“ გაფორმდა. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სოლიდარობას უცხადებენ „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ გამოსულ ადამიანებს და „ლეიბორისტული პარტიის“ აქტივი ხალხთან ერთად დგას.

„გვინდა, სოლიდარობა გამოვუცხადოთ რიონის გადასარჩენად დაძრულ დიდ, სახალხო, ეროვნულ ლაშქარს, რომელთა ბრძოლისუნარიანობით ყველა უკლებლივ აღფრთოვანებული ვართ. რა თქმა უნდა, „ლეიბორისტული პარტიის“ აქტივი იმერეთისა და არა მარტო, იქ დგას, ხალხთან ერთად. ხალხი ამ ბრძოლას აუცილებლად მოიგებს რეჟიმის შეცვლისთანავე, რაც ძალიან მალე მოხდება, საქართველოში საერთოდ, სამუდამოდ აიკრძალება მეგა და გიგანტური ჰესების მშენებლობა, ხოლო „ნამახვანჰესის“ ავტორები და ინიციატორები ჩადენილი ქმედებებისთვის სასტიკად აგებენ პასუხს სამართლისა და ერის წინაშე.

ჩვენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეგვაქვს სარჩელი, მთავარი, ძირითადი კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ვითხოვთ ყველა კონტრაქტის და ნორმატიული აქტის გაუქმებას, რომელიც დაიდო ამ.ე.წ. კომპანიასთან და რომელიც პრაქტიკულად არის ადამიანის უფლების ხელყოფა, რათა იცხოვროს მან ეკოლოგიურად ჯანსაღ, ჯანმრთელ გარემოში, მიიღოს მონაწილეობა გარემოსდაცვითი პრობლემების გადაწყვეტაში. კონსტიტუციის ყველა ეს პუნქტი აღნიშნული კონტრაქტის შედგენის დროს დაირღვა“, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

დატოვე კომენტარი