ლეგიონერების ჩამოყვანა პრობლემურია - „დინამო თბილისი“ ვარჯიშს აგრძელებს
ლეგიონერების ჩამოყვანა პრობლემურია - „დინამო თბილისი“ ვარჯიშს აგრძელებს

„დინამო თბილისი“ საწვრთნელ ვარჯიშებს აგრძელებს. ფეხბურთელებმა მორიგი წვრთნა დიღმის ბაზაზე გამართეს.

გუნდის პრეს-სამსახურის ცნობით, მაქსიმალურად გათვალისწინებულია ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები. ვარჯიში დისტანციის დაცვით და ორკაციან ჯგუფებად მიმდინარეობს.

თუმცა, ცხადია, კორონავირუსის პანდემიის გამო ბევრი გაუთვალისწინებელი პრობლემა შეიქმნა. მაგალითად, გუნდთან ერთად ყველა ლეგიონერი არაა. მიზეზი პანდემიის შედეგად შეცვლილი რეალობაა – საერთაშორისო ავიამიმოსვლა მინიმუმამდეა დაყვანილი და „დინამოს“ ლეგიონერები ჯერ ჩამოსვლას ვერ ახერხებენ. ფრენები 1 ივნისიდან აღდგება, მაგრამ ჯერ უცნობია, ამ დროისთვის ისევ იმოქმედებს თუ არა უცხოეთიდან ჩამოსვლის შემთხვევაში აუცილებელი ორკვირიანი საკარანტინო რეჟიმი.

ამავე დროს, „დინამო თბილისში“ საფეხბურთო აკადემიის ვარჯიშების განახლებაზეც ფიქრობენ. მაგრამ ეს საკითხი მთავრობისა და ფეხბურთის ფედერაციის კომპეტენციაა და მათ ნებართვას ელიან.