ლეგიონერები | მექვაბიშვილმა საგოლე გადაცემა შეასრულა, ლობჯანიძემ „ასტანას“ ორი გოლი გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT
ანზორ მექვაბიშვილმა საგოლე გადაცემა შეასრულა კრაიოვის „უნივერსიტატეაში“, რომელმაც რუმინეთის სუპერლიგაში საკუთარ მოედანზე „პეტროლული“ 2:0 დაამარცხა. ქართველმა ნახევარმცველმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, მე-80 წუთზე კი საგოლე გადაცემა შეასრულა და მაღალი შეფასება – 8,3 ქულა მიიღო.
ყაზახეთის პრემიერლიგაში ზურაბ თევზაძისა და ელგუჯა ლობჯანიძის „ჟენისმა“ გათამაშების ლიდერი „ასტანა“ 3:2 დაამარცხა, რაშიც გადამწყვეტი როლი ლობჯანიძემ შეასრულა, რომელიც მოედანზე 58-ე წუთზე შევიდა – ორ წუთში ანგარიში გაათანაბრა, 73-ე წუთზე კი გუნდი დააწინაურა. თევზაძემ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.
ამ შეხვედრით, გორის „დილასა“ და ბათუმის „დინამოს“ ყოფილი მწვრთნელის, ანდრეი დემჩენკოს გუნდმა წაუგებელი თამაშების სერია 11 მატჩამდე გაზარდა, ლობჯანიძემ „ჟენისში“ 6 შეხვედრა ჩაატარა, სამი გოლი გატანა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.
თურქეთის პირველ ლიგაში გურამ გიორბელიძემ 90 წუთი ითამაშა „ერზრუმსფორის“ შემადგენლობაში „პენდიკსფორთან“ – უხვგოლიანი მატჩი 3:3 დასრულდა.
ბოსნიის ჩემპიონატში კი გიორგი გულიაშვილის „სარაევო“ „ბორაცს“ ესტუმრა და 1:5 დამარცხდა – „სარაევოს“ ქართველმა კაპიტანმა თავიდან ბოლომდე ითამაშა.