ლეგიონ „აზოვის“ წარმომადგენლები - ჩვენმა მთავრობამ მარიუპოლის დაცვა ვერ მოახერხა, ჩვენ არ გვჭირდება შექება, მაგრამ გვჭირდება სამართლიანობა
ლეგიონ „აზოვის“ წარმომადგენლები - ჩვენმა მთავრობამ მარიუპოლის დაცვა ვერ მოახერხა, ჩვენ არ გვჭირდება შექება, მაგრამ გვჭირდება სამართლიანობა

ლეგიონ „აზოვის“ დაზვერვის ოფიცერი ილია სამოილენკო აცხადებს, რომ რუსები ქარხნის ტერიტორიას ინტენსიურად ბომბავენ. მისი თქმით, ასეთი ალყა ისტორიას არ ახსოვს.

„სამხედროებში და სამოქალაქო პირებში ამხელა მსხვერპლია, რუსეთის არმიამ 25 ათასი ადამიანი მოკლა“, – განაცხადა მან.

სამოილენკოს თქმით, სამხედროების ამოცანა და მორალური პასუხისმგებლობა ქვეყნის დაცვაა, მაგრამ, მისივე თქმით, მთავრობამ მარიუპოლის დაცვის ორგანიზება ვერ შეძლო.

„სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ უნიკალურები ვართ. არავინ ელოდა, რომ ამდენი ხანი გავუძლებდით. ჩვენმა მთავრობამ ვერ მოახერხა მარიუპოლის დაცვა. პრობლემა იმაშია, რომ გმირებს გვეძახიან, ჩვენით აღფრთოვანებულები არიან. გმირობა მოდის მაშინ, როცა ორგანიზება და დაგეგმვა მარცხს განიცდის. ეს ჩვენი პრიორიტეტია. ჩვენ შეგვეძლო თავი აგვერიდებინა მარიუპოლისთვის, იმიტომ რომ ვხედავდით, რა სიტუაცია იყო. მაგრამ გადავწყვიტეთ დაგვეცვა ქალაქი და ასეთი ბრძანებაც გვქონდა. ჩვენ არ გვქონდა ბრძანება ქალაქის სრული მეთაურობა აგვეღო. მაგრამ ეს გადაწყვეტილება შემდეგ მივიღეთ, იმიტომ რომ ეს სხვამ არავინ გააკეთა“, – აცხადებს სამოილენკო.

ლეგიონის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარი ამბობს, რომ მხოლოდ ღამის განმავლობაში 25 გადაფრენა დააფიქსირეს.

„მხოლოდ ღამის განმავლობაში ჩვენ დავთვალეთ 25 გადაფრენა, მათ შორის სამი სტრატეგიული ბომბდამშენით. მუშაობს ტანკები, ნაღმმტყორცნები, სნაიპერები, ქვეითი ჯარისკაცები ცდილობენ შტურმს. ყველა ევაკუირებულია? ვერ ვიტყვით, რადგან არ არსებობს სპეციალური ტექნიკა ნანგრევების დემონტაჟისთვის. აღვნიშნავ, რომ სულ რაღაც ორი დღის წინ სამი ჩვენი ჯარისკაცი დაიღუპა. ქარხნის ტერიტორიაზე ბევრია დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეებსა და სამხედროებს შორის.

ჩვენ ველოდებით ხისტ ქმედებებს ცეცხლის რეალური შეწყვეტისთვის. ბევრი დაჭრილი სამხედრო გვყავს, რომელთა დასახმარებლადაც გავყვირით. აუცილებელია მათი დაუყონებლივ ევაკუაცია. ჩვენ აქ სიტყვებისთვის არ ვართ, ჩვენ აქ უკრაინელი ხალხისთვის ვართ. ვასრულებთ სამხედრო ვალდებულებას. ჩვენ არ გვჭირდება შექება, მაგრამ გვჭირდება სამართლიანობა. და ყოველთვის ამას ვამბობთ. არაფერი გვაქვს დასამალი. ჩვენ ყოველთვის, ვიდრე ცოცხლები ვიქნებით, სამართლიანობისთვის ვიბრძოლებთ. იმისთვის ვიბრძოლებთ, რომ გავაგდოთ რუსი ოკუპანტები“, – განაცხადა პალამარმა.