ლეგიონ „აზოვის“ მეთაურის მოადგილე - მაოცებს ჩვენი პოლიტიკოსების ცინიზმი, ძალიან ვწუხვარ, რომ ზოგიერთი ევაკუაციას წარმატებულ ოპერაციას უწოდებს
ლეგიონ „აზოვის“ მეთაურის მოადგილე - მაოცებს ჩვენი პოლიტიკოსების ცინიზმი, ძალიან ვწუხვარ, რომ ზოგიერთი ევაკუაციას წარმატებულ ოპერაციას უწოდებს

ძალიან ვწუხვარ, რომ ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსი ევაკუაციას წარმატებულ ოპერაციას უწოდებს, – ლეგიონ „აზოვის“ მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარი აზოვსტალში არსებული ვითარების შესახებ „ბიბისისთან“ ინტერვიუში ვრცლად საუბრობს.

მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები განუწყვეტელი თავდასხმის ქვეშ არიან და იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო ორგანიზაციები ცეცხლის შეწყვეტასა და მებრძოლების გამოყვანაზე შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, მათ გარდაუვალი სიკვდილი ელოდებათ.

პალამარი დაღუპულთა ოდენობას არ ასახელებს, თუმცა მისი თქმით, დაჭრილთა რიცხვი 600-ს აღემატება, არასათანადო პირობების, არასაკმარისი ანტიბიოტიკებისა და ამპუტაციის ჩატარების შესაძლებლობის არ არსებობის გამო, იღუპებიან.

„დაღუპულთა ოდენობას არ ვიტყვი. საუბარია ასობით უკრაინელ სამხედროზე. დაჭრილია 600-მდე ადამიანი, თუმცა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, ისევე როგორც დაღუპულების. ცინიკურია, რომ დაპირებას გვაძლევენ, ბიჭებო, გაძელით მარტის შუა რიცხვებამდე და მერე დახმარება იქნება, მაგრამ არაფერი. გაძელით აპრილამდე და ისევ არაფერი“, – აღნიშნავს პალამარი.

მისი თქმით, „წუხს, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი ამას წარმატებულ ოპერაციას უწოდებს“.

„ორი დღის წინ, სამი ჩვენი სამხედრო „აზოვსტალიდან“ სამშვიდობოების გასაყვანად გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის დროს მოკლეს. მანქანას, რომლითაც ისინი უნდა გაეყვანათ, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიდან ესროლეს. დაიღუპა ერთი და დაშავდა ექვსი. კიდევ ორი სამხედრო ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა. ამის შემდეგ ჩვენი პოლიტიკოსების ცინიზმი მაოცებს, რომლებიც აცხადებენ, რომ ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა. აზოვსტალში არ მოსულა არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და არც ერთი პოლიტიკოსი. არც სპეცტექნიკა. ვაკუაციის დროს ერთ-ერთმა ჩვენმა პოლიტიკოსმა ჩვენს ერთ-ერთ მეთაურს უთხრა – „თქვენ იქ რაღაც თქვენი საქმეებით ხართ დაკავებული, მაგრამ არა იმით, რაც საჭიროა“. ეს უკრაინის გმირის შეურაცხყოფაა და ძალიან უსიამოვნოა“, – განაცხადა პალამარმა.

პალამარის თქმით, ქარხნის ტერიტორიაზე ნანგრევებში ასობით დაღუპულია, როგორც უკრაინელების, ასევე რუსების მხრიდან, რომელთა ცხედრების გადასვენებისთვის აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ასევე მისივე განცხადებით, საჭიროა, მიწისქვეშ, თავშესაფარში მყოფი დაშავებულების გაყვანა, რის შემდეგაც მესამე ქვეყნის ჩართულობით უნდა მოხდეს ტერიტორიიდან გარნიზონის გაყვანა.

„ახლა საჭიროა ცეცხლის რეალური შეწყვეტა, აქედან დაშავებულების გაყვანა. შემდეგ კი ექსტრაქცია, გარნიზონის გაყვანა ან მესამე ქვეყნის, ან უკრაინის ტერიტორიაზე“, – აღნიშნა პალამარმა.